"სახელმწიფოს ვაქცინაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა გათავისებული არ აქვს"- ასე აფასებენ ჯანდაცვის სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის პორტალის ორდღიან გათიშვას. როგორც ისინი ამბობენ, არაორგანიზებულობის გამო ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსახლეობის 60%-ის აცრა წლის ბოლომდე ვერ მოესწროს.
როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი ანი ქავთარაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ პანდემიურ რეალობაში ცხოვრება დაიწყო, მთავრობამ მარტივი პროცესების ორგანიზება ვერ შეძლო, მათ შორის ვაქცინების დროული შემოტანა, საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ბოლოს ვაქცინების ადმინისტრირება, რამაც ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა შეაფერხა.
“დღესაც, თვეების შემდეგ ვდგავართ იგივე პრობლემის წინაშე. ადრე თუ ორგანიზებულობის პრობლემა ადგილზე გვქონდა, უშუალოდ ვაქცინაციის კაბინეტებში, დღეს პორტალის პრობლემა დადგა, რაც უნდა იყოს სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი და უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის. თვეების განმავლობაში ვერ მოგვარდა ის, რომ ორგანიზებულად ჩაიაროს ამ ყველაფერმა და ტექნიკური პრობლემები არ გვქონდეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ეს პასუხისმგებლობა, რაც აკისრია საერთოდ არ აქვს გასიგრძეგანებული. ფაქტიურად ეს პროცესი არის ჩაგდებული. დღემდე ვხედავთ არაორგანიზებულობას, დღემდე არის გადაუჭრელი საკითხები, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ჰქონდეს არცერთ ქვეყანას. შესაბამისად, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის საკითხი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”-აცხადებს ანი ქავთარაძე.
ცნობისთვის, 2 ივლისს ქვეყანაში მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა შემოვიდა, რომელზეც რეგისტრაცია 3 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტზე არსებული ხარვეზის გამო რეგისტრაციის პროცესი შეფერხდა, რაც მოგვიანებით პორტალზე კიბერშეტევით აიხსნა.
ამასთან, როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინაციის ვებ-გვერდზე ყველანაირი ხარვეზი აღმოფხვრილია. მისი თქმით, დღეს მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო.
დღევანდელი მდგომარეობით ვაქცინაციაში 150 დაწესებულება და 300 ბრიგადაა ჩართული.




























