მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, იპოდრომთან 25-სართულიანი კორპუსი მაინც აშენდება - ინვესტორი

621e395811559
ანუკა ჯოხაძე
01.03.22 23:00
1315
იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამერიკელ ინვესტორს 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა სურს. კომპანია "აიკონია კაპიტალს" მშენებლობის ნებართვა აღნიშნულ ნაკვეთზე ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს აქვს მიღებული, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებაც ამყარებს.

თბილისის მერიაში გასულ წელს აცხადებდნენ, რომ ინვესტორს ადგილმონაცვლეობას შესთავაზებდნენ, თუმცა როგორც დღეს ირკვევა, ინვესტორმა ადგილმონაცვლეობაზე უარი განაცხადა. ხმალაძის თქმით, მერია აღნიშნულ მშენებლობას ეწინააღმდეგება, თუმცა არსებობს სამშენებლო ნებართვა, რითაც ინვესტორს ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენება შეუძლია.

“რამდენიმე თვის წინ დასრულდა მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან. ისინი უარს აცხადებენ ადგილმონაცვლეობაზე. ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსად ჩვენი პოზიციაც უცვლელია, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. განსხვავებით სასამართლო გადაწყვეტილებისგან, რომელმაც ძალაში დატოვა სამშენებლო ნებართვა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ აქტიურად ვმართავდით მოლაპარაკებებს, რომ მომხდარიყო ამ ნაკვეთის მონაცვლეობა. "აიკონია კაპიტალი" არის ამ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, გადაწყვეტილების მიმღები კიდევ სხვა პირები არიან, რომელსაც ურჩევნიათ, რომ დროებით გააჩერონ პროექტი და არ აწარმოონ სამუშაოები", - აცხადებს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე.

ხმალაძის პასუხს არ ეთანხმება თავად ინვესტორი კომპანიის "აიკონია კაპიტალის" მფლობელი, რომელიც BM.GE-თან ამბობს, რომ ამ მიმართულებით პროცესების დროში გაჭიანურება ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემებმა და თბილისის მერიასთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებებმა გამოიწვია. მისი თქმით, მათთვის იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთი ისევ საინტერესოა, შესაბამისად, კომპანია ამ ნაკვეთზე 25-სართულიანი კორპუსის აშენებას მიმდინარე წლის ზაფხულამდე დაიწყებს.

“მე მგონია ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს აქვს არასწორი ინფორმაცია. ჩვენ არ გაგვიჩერებია პროექტი ძველ ლოკაციაზე. ამ დრომდე ჩვენ ვართ აღნიშნული პროექტის გაგრძელების პროცესში. ჩვენ არ ვინტერესდებით აღნიშნული ნაკვეთის ადგილმონაცვლეობით, ის ჩვენთვის კომფორტულია და სრულიად მისაღებია. პროექტის განხორციელებასაც სწორედ ამ ლოკაციაზე ვაპირებთ. ჩვენი პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა, მიმდინარეობს სასამართლო დავა, რამაც დიდი დრო მოითხოვა. პროექტის დაწყება დროში გადაიწია ასევე თბილისის მერიასთან არსებული მოლაპარაკებების გამოც, თუმცა ჩვენი გეგმაა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში დავიწყოთ", - აცხადებს “აიკონია კაპიტალის” მფლობელი სეტ ედვარდ ჩარი.

BM.GE ესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც, რომლებიც აპროტესტებენ კორპუსის მშენებლობას. მოსახლეობის განმარტებით, ინვესტორს 25-სართულიანი კორპუსის აშენება მათი საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სურს. მაცხოვრებლების თქმით, ამ ეტაპზე ინვესტორ კომპანიასთან სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ამჟამად "აიკონია კაპიტალის" სხვა მიმდინარე პროექტები არ იძებნება. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მათი ძირითადი პროექტი 7 წლის წინ დაპაუზებული 25-სართულიანი კორპუსია, რომელსაც იპოდრომის მიმდებარედ აშენებენ. კომპანიის ერთადერთ მეწილედ სეტ ედვარ ჩარი გვევლინება.