მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსაზრებები და იდეები დამუშავების ეტაპზეა" - რას გეგმავს ჯანდაცვის უწყება ონკოპაციენტების მკურნალობისთვის?

სარჯველაძე

ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტების მიღების პროცესში ბიუროკრატიული წინაღობები შეუმცირდებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პაციენტებთან და კლინიკებთან კოორდინაციის შედეგად პრობლემა გამოიკვეთა და ახლა, უწყებას აქვს იდეები და მოსაზრებები, რომელიც კერძო სექტორთან ამუშავებს.

"ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მათთვის საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გამარტივების ჩვენ გვაქვს მუშაობა დაწყებული. პერმანენტულად ვხვდებით თავად პაციენტებს და იმ კლინიკებს, რომლებიც მათ სერვისს უწევენ. იქ იქნა დადგენილი, რომ გარკვეული უხერხულობა ამ ჯაჭვის გამართულობასთან დაკავშირებით არსებობს. პაციენტებს უწევთ ჯერ ნებართვის და რეცეპტის აღება, მერე ქსელში მოძებნა, შემდეგ უკან დაბრუნება საავადმყოფოში, იქ მკურნალობის მიღება. საკმაოდ რთულია პროცედურა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ თემაზე მუშაობა დაგვეწყო, რათა გაცილებით ეფექტიანი და იოლად ხელმისაწვდომი გამხდარიყო ეს მკურნალობის პროცესი. ამ კუთხით გვაქვს გარკვეული იდეები და მოსაზრებები, რომელიც გავცვალეთ კერძო სექტორთანაც და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გვექნება გარკვეულ იდეად ამ მოსაზრების ქცევის შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში რეალურად მივაღწევთ იმას, რომ დადგინდება და განისაზღვრება ახალი მეთოდოლოგია", - განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში ონკოპაციენტი ბავშვები იგივე სერვისს იღებდნენ, რასაც განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა.

" მიმდინარეობს მუშაობა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნის მიმართულებით. თუმცა, ეს უკვე საკმაოდ კომპლექსური და რთული საკითხია და განიხილება რამდენიმე ვერსია ამ მიმართულებით. იდეა მუშავდება ისე, რომ არავის სჭირდებოდეს უცხოეთში სამკურნალოდ ბავშვის წაყვანა, საქართველოშიც იმ ხარისხით იყოს სერვისი, როგორც ეს ნებისმიერ განვითარებულ უცხოურ ქვეყანაშია.ჩვენ ამ მხრივ გვექნება ინიციატივები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი რეალურად განხორციელდეს", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები