10 000 ადამიანი შეუერთდა პეტიციას “ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს“, რომლის მოთხოვნა სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვა და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაა. ამის შესახებ დეტალურად „ქალების ნარატივში“ „მშობლები განათლებისთვის“ პროექტების კოორდინატორმა, როზა დევნოზაშვილმა ისაუბრა.
მოქალაქეთა ხელმოწერები პეტიციის ოფიციალურ მოთხოვნებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 23 ოქტომბერს გაიგზავნა.
„პეტიციაში ორი ძირითადი მოთხოვნაა გაჟღერებული, ერთი ის, რომ უმოკლეს ვადაში გაკონტროლდეს ბუფეტებში არსებული სიტუაცია და დაიწყოს აქტიური მუშაობა კვების პროგრამის დასანერგად,“ - აღნიშნავს როზი დევნოზაშვილი.
„მშობლები განათლებისთვის“ წევრები განათლების მინისტრს 25 ოქტომბერს შეხვდნენ, სადაც გიორგი ამილახვარმა ორგანიზაციას უკვე გადასცა სასკოლო კვების ახალი ბრძანების პროექტი. ეს არის ნუსხა იმ პროდუქტების, რომელიც არ უნდა იყიდებოდეს სკოლაში.
„უახლოეს დღეებში ამ ბრძანებას მშობლები გადავხედავთ, შევისწავლით და აუცილებლად დავუბრუნებთ უკუკავშირს მინისტრს. ჩვენთვის ესეც შედეგია,“ - აცხადებს როზა დევნოზაშვილი.
როზა დევნოზაშვილმა მინისტრთან შეხვედრის კიდევ ერთი დეტალი გააჟღერა. გიორგი ამილახვარის თქმით, ფინანსები არ არის პრობლემა, მთავარია დააზღვიონ რისკები და შეიმუშაონ მოდელი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული რეალობას. მინისტრი მშობლებს დაჰპირდა, რომ ორ თვეში მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რეალური ნაბიჯები იქნება გადადგმული.
ინფორმაციისთვის: პეტიციის საფუძველი ის გახდა, რომ გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს ამცირებს, ჯანმრთელობას და განვითარებას კი საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ სკოლებში კვების პროგრამა არ არსებობს, არ არის გამოყოფილი კვების დრო და ჰიგიენური სივრცე, სადაც ბავშვები სახლიდან წაღებული საკვების მიღებას შეძლებენ.