მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოთხოვნა ჯანსაღია, 2025 წელს "თეთრმა კვადრატმა" $50 მილიონის ბინები გაყიდა - ბურდილაძე

ირაკლი ბურდილაძე

„თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, უძრავი ქონების სექტორში მოთხოვნა ჯანსაღია.

როგორც ბურდილაძე BMG-სთან აცხადებს, ამაზე რამდენიმე პარამეტრი მიუთითებს, მათ შორის ის გარემოება, რომ დასრულებულ დეველოპერულ პროექტებში ბინების უმრავლესობა გაყიდულია.

ამასთან, „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ საქართველოს უძრავი ქონების სექტორის მიმართ მზარდია უცხოელების, მათ შორის ისრაელის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა.

“თბილისსა და საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან ჯანსაღია. ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. დასრულებულ პროექტებში დეველოპერებს პრაქტიკულად ყველა ბინა გაყიდული აქვთ. პროექტებში, რომლებიც 2027-2028 წლებში სრულდება, ბინების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ასევე განაპირობებს ის, რომ თბილისში საკმაოდ დიდია ამორტიზებული საბინაო ფონდი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების და სეისმომედეგობის ნორმებს. როცა ოჯახების შემოსავალი იზრდება, ისინი ცდილობენ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და ყიდულობენ ახალ ბინას. საქართველოში ერთ ბინაზე საშუალოდ 3.5 ადამიანი მოდის, რაც დასავლეთ ევროპის მაჩვენებელზე მინიმუმ 50%-ით აღემატება. ის, რომ ახალ თაობას უნდა მშობლებისგან განცალკევებით გადასვლა, ესეც მძლავრი ფაქტორია უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შექმნისთვის.

მესამე ფაქტორია იმპორტირებული მოთხოვნა, უცხოელი მყიდველების რაოდენობა იზრდება. განსაკუთრებით დიდი ზრდა იყო ისრაელიდან. თუ ორი წლის წინ ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა გაყიდვების 4%, შარშან ეს მაჩვენებელი 11-12% იყო”, - აღნიშნა ბურდილაძემ.

მისივე თქმით, 2025 წლის განმავლობაში უშუალოდ „თეთრმა კვადრატმა“ 50 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაყიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით დაახლოებით 15%-იანი ზრდაა

“ჩვენს შემთხვევაში, შარშან „თეთრმა კვადრატმა“ დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების ბინები გაყიდა, ამ თანხის დიდი ნაწილი მყიდველებს უკვე გადახდილი აქვთ. ეს იყო ძალიან კარგი წელი. წინა წლებთან შედარებით სხვადასხვა პარამეტრი რომ ავიღოთ, დაახლოებით 15%-იანი ზრდა გვაქვს”, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

ცნობისთვის, Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2025 წელს თბილისში 42,275 ბინა გაიყიდა, ბაზრის ზომამ კი, 3.263 მლრდ დოლარს გადააჭარბა. წლიურად ტრანზაქციების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 15%-ით ანუ 434 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები