მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოთხოვნა თბილისიდან უფრო მაღალია“ - რამდენი ბილეთი გაიყიდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ამოქმედების შემდეგ?

ბაქო-თბილისი-ბაქო

ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო გადაყვანების განახლების შემდეგ 25 000 ბილეთი გაიყიდა. სამგზავრო გადაყვანების დეტალურ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

apa.az აზერბაიჯანის რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ მატარებლით მგზავრობაზე მოთხოვნა თბილისიდან უფრო მაღალია, ვიდრე ბაქოდან.

„ეს იმით აიხსნება, რომ ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილია. ვინაიდან ქვეყანაში შესვლა მხოლოდ თვითმფრინავით და მატარებლით არის შესაძლებელი, თბილისი-ბაქოს მიმართულებაზე უფრო მაღალი მოთხოვნა შეინიშნება“, — აღნიშნა აზერ ფარაჯევმა.

ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე 25 მაისიდან 6 ივლისამდე პერიოდში დაახლოებით 25 ათასი ბილეთი გაიყიდა და დაახლოებით 14 ათასი მგზავრი იყო გადაყვანილი. აქედან 6356 ადამიანმა მატარებლით თბილისიდან იმგზავრა, 4343 ადამიანმა – ბაქოდან, 1112 ადამიანმა – განჯიდან, 808 ადამიანმა – ევლახიდან, 520 ადამიანმა – აღსტაფიდან. ამრიგად, ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტით მოგზაური მგზავრების დაახლოებით 40% რეგიონებზე მოდიოდა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელს 3 ვაგონი დაემატება, რაც ადგილების რაოდენობას 60%-ით გაზრდის. შედეგად, თითოეულ რეისზე დამატებით 104 სამგზავრო ადგილი იქნება ხელმისაწვდომი. დღემდე მატარებელში 178 ადგილი იყო.

დამატებით ვაგონებში, Stadler-ის წარმოების ვაგონების ბილეთებთან შედარებით ბილეთები უფრო იაფი ეღირება.

კერძოდ, მგზავრობის ღირებულება ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე სტანდარტ+ კლასით, მანძილის მიხედვით, 40.30 AZN-დან [62 ლარი] იწყება. მგზავრობის მინიმალური ღირებულება ერთი მიმართულებით ბაქოდან თბილისში შეადგენს 65.20 AZN-ს [101 ლარი], ევლახიდან – 53.30 AZN-ს [82.6 ლარი], განჯიდან – 49.30 AZN-ს [76.4 ლარი], ხოლო აღსტაფიდან – 45.30 AZN-ს [70.2 ლარი]. ბოიუკ-კესიკიდან თბილისამდე და გარდაბნის სადგურამდე ღირებულება, შესაბამისად, 43.40 [67 ლარი] და 40.30 AZN-ია [62 ლარი].

შეგახსენებთ, რომ ამჟამად Stadler-ის წარმოების ვაგონებით ბაქოდან თბილისში კომფორტ კლასით მგზავრობის მინიმალური ღირებულება 79.5 მანათს [123 ლარი] შეადგენს, ხოლო განჯიდან – 58.20 მანათს [90 ლარი]. ამგვარად, ვაგონების დამატების შემდეგ უფრო მეტ მგზავრს ეძლევა შესაძლებლობა იმოგზაუროს ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტით უფრო ხელმისაწვდომ ფასად.

აზერბაიჯანული მედია „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით წერს, რომ ვაგონების დამატება მგზავრთა კმაყოფილების ამაღლებისა და ბაქო–თბილისი–ბაქოს საერთაშორისო მარშრუტზე სამგზავრო გადაყვანებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები