მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Motorola რაციების მწარმოებელ Silvus Technologies-ში $4.5 მილიარდს გადაიხდის

Motorola Solutions

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Motorola, რომელიც, ერთ დროს, მობილური ტელეფონების და პეიჯერების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი იყო და მოგვიანებით, სრული კრახი განიცადა და ეს ბიზნესი ჩინურ Lenovo-ს მიჰყიდა, ბოლო წლებში, სატელეკომუნიკაციო ბიზნესზე კონცენტრირდება. აი, სწორედ ამ ბიზნესს უკავშირდება უახლესი გარიგება, რომლის ფარგლებში რადიოგადამცემების და რაციების მწარმოებელი Silvus Technologies-ის სანაცვლოდ Motorola $4.5 მილიარდს გადაიხდის. გარიგება, წესით და რიგით, მიმდინარე კვირაში უნდა დასრულდეს.

ამერიკული Silvus-ი, რომელსაც კერძო კაპიტალის კომპანია TJC ფლობს, ერთ-ერთი ის აქტივია, რომლის გაყიდვას კომპანია დიდი ხანია გეგმავს. გაყიდვის ალტერნატივად, კომპანია აქციების საჯარო განთავსებას განიხილავს, მაგრამ ეს პროცესი გაცილებით კომპლექსურია და თან, დროში იწელება. Motorola-სთვის Silvus-ის შეძენა რიგით მეორე უდიდესი გარიგება იქნება ისტორიაში, არადა ამერიკული კომპანია სწორედ შედარებით მცირე ზომის კომპანიების შესყიდვითაა ცნობილი. ბოლო ათწლეულში, Motorola-მ 40-მდე კომპანია შეიძინა.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ Silvus Technologies-ზე, რომელიც რაციებს და რადიოგადამცემ სადგურებს აწარმოებს, რომელთაც, უმეტესწილად, ჯარი და საპოლიციო ძალები იყენებენ, თანაც ისეთ გარემოში, სადაც ტრადიციული სატელეკომუნიკაციო საშუალებები უბრალოდ არ ფუნქციონირებს. გლობალურად მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, Silvus-ის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, რაც კომპანიისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს და Motorola, სავარაუდოდ, პირველ რიგში, სწორედ ამით დაინტერესდა. ჯარი და პოლიცია არც Motorola-სთვისაა უცხო, რადგან ეს და სხვა სახელმწიფო უწყებები კომპანიის დიდი დამკვეთები არიან.

Motorola-ს საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $70.6 მილიარდია, რაც 2024 წლის პიკური მაჩვენებლის შემდეგ 16%-ითაა შემცირებული. ხუთწლიან პერიოდში Motorola-ს მაინც კარგი შედეგები აქვს, რადგან კომპანიის შეფასება 215%-ითაა გაზრდილი. გასულ წელს, ამერიკულმა კომპანიამ $11 მილიარდის შემოსავალი და $3 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები