„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან ევროპის პოლიტიკურ სამიტზე მოწვევა მიიღო. მისივე თქმით, ცალკე ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მას არ მოუთხოვია, თუმცა ლიდერებთან გასაუბრების საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენებს.
„მოწვევა მივიღე. 16-შია დაგეგმილი და ვიზიტი იქნება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ მოგვითხოვია შეხვედრები, ვნახოთ, ადგილზე შეიძლება გაიმართოს გარკვეული შეხვედრები კონკრეტულ ლიდერებთან.
რეალურად ამ ღონისძიების ფორმატი თუ იცით, საგანგებო ოფიციალური შეხვედრები ამ ფორმატში ნაკლებად იმართება ხოლმე. თუმცა იქ ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება, ამ შესაძლებლობით მაქსიმალურად ვისარგებლებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ვისაც ექნება სურვილი, ყველასთან ისაუბრებს.
"ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი, თუ მათი მხრიდან იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება და არა საბჭოური დამოკიდებულება.
იქ შეხვედრები დერეფნებში იმართება, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, მე ვისაუბრებ ყველასთან", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ევროპის პოლიტიკური სამიტი ალბანეთში, 16 მაისს გაიმართება. ეს რიგით მეექვსე შეხვედრა იქნება, რომლის თემაც არის „ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში: ერთობა - თანამშრომლობა - ერთობლივი ქმედება“.
შეხვედრას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ალბანეთის პრემიერი ედი რამა უხელმძღვანელებენ.