„მოუთმენლად ველი, საქართველოში როდის ამოქმედდება დისტანციური სწავლების მოდელი,“ - ამის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოს სურს, საერთაშორისო განათლების ჰაბი გახდეს, მსოფლიო ტენდენციებს არ უნდა ჩამორჩეს.
საქმე ის არის, რომ დისტანციური სწავლების რეფორმაზე მუშაობა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დააანონსა.
"რამდენადაც ვიცი, დისტანციური სწავლების რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს და მოუთმენლად ველი, როდის შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები; არ შეიძლება, საქართველოს განათლების სისტემა ჩამორჩეს მსოფლიოს, სადაც დისტანციური სწავლების მოდელები უკვე დანერგილია. თუ ჩვენ გვინდა, ფეხი ავუწყოთ საერთაშორისო ტენდენციებს განათლებაში, ყველა თანამედროვე ტექნოლოგია უნდა გვქონდეს ათვისებული და საშუალება მოგვეცეს, განათლების სერვისები მივაწოდოთ არა მხოლოდ რამდენიმე ათეულ ათას უცხოელ სტუდენტს, ვინც ფიზიკურად ჩამოდის საქართველოში, არამედ მათაც, ვინც სხვადასხვა მიზეზით ვერ ჩამოდის და სურვილი აქვს, დისტანციურად ისწავლოს. ასევე, ჩვენს სტუდენტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, დისტანციურად მოისმინონ ცნობილი უცხოელი პროფესორების ლექციები აქ და ასეთი ლექციები იყოს აღიარებული“, - განაცხადა კოკა თოფურიამ.
მისივე ინფორმაციით, „საქართველოს უნივერსიტეტში“ 5000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს და მათი კონტრიბუცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ, ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ყველას ჯიბეში ილექება ფული, რომელსაც უცხოელი სტუდენტები საქართველოში ხარჯავენ. რამდენიმე წელიწადში უცხოელი სტუდენტებისგან შემოსავალმა შეიძლება მილიარდს მიაღწიოს - თქვა კოკა თოფურიამ.
რამდენს ხარჯავენ უცხოელი სტუდენტები საქართველოში? - Galt & Taggart