განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება.
მინისტრის თქმით, დასაშვები გახდება არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით თეორიული სწავლება ელექტრონულად წარიმართოს, ასევე, შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონული პროგრამის შექმნა.
"დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენი უწყების მიერ წარდგენილი იქნა უმნიშვნელოვანესი კანონპროექტთა პაკეტი, ეს ეხება ელექტრონულ დისტანციურ სწავლებას. ფაქტობრივად ახლებურად ყალიბდება და იცვლება ეს მიმართულება. აქამდე, მხოლოდ პანდემიის პირობებში ხდებოდა აღნიშნული სწავლება. მათ შორის, ამ პროცესმა გლობალურად შეცვალა მიდგომა.
ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, და რიგ შემთხვევაში ასევე პროფესიულ განათლებას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე, არსებულ საქართველოში გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვის და მესამე მიმართულება ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეები ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ, ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარების დასაშვებობა, რომელიც აქამდე მოგეხსენებათ იყო აკრძალული, პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ. თუმცა, ასევე შესაძლებელი იქნება მომავალში ქვეყნების ნუსხის დამატება სანდოობის მიხედვით, რომელიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს გააჩნიათ", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, კანონის მიღების შემდეგ გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში - ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და მისი კონცეფციის დამუშავება სამინისტროს დაევალება.
"ეს ეხება არსებულ პროგრამებს, დღეს რაც მოქმედია მათი გარკვეული კომპონენტების დასაშვებობას დისტანციური სწავლებით. ეს ეხება თეორიულ კურსს და არც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები. მას შემდეგ, რაც კანონი შევა ძალაში ეს მიმართულებები დაზუსტდება", - განაცხადა ამილახვარმა.