მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვა დრო, როცა უცხოელი მიგრანტებისთვის საქართველო დასაქმების კუთხით მიმზიდველი გახდება - "ინნ ჯგუფი"

ინნ ჯგუფი

სტუმარმასპინძლობის სექტორსა და დეველოპმენტში მოქმედი კომპანია "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ქვეყანაში ბიზნესის მიერ უცხოელების დასაქმება სენსიტიური თემაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოელების დასაქმება ცუდია. ამის შესახებ ერეკლე კოკაიამ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც იანვარში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა ხელფასების კლების შესაძლო ფაქტორად ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოყვანას შეეხებოდა.

კომპანიის ხელმძღვანელი კითხვაზე პირდაპირ პასუხს არ სცემს, თუმცა ამბობს, რომ ბიზნესში მიგრანტების დასაქმება სულ უფრო აქტუალური ხდება და ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც ვითარდება.

„ბევრისთვის ეს არის სენსიტიური საკითხი და ბოლომდე არ არიან ინფორმირებული, თუ რას ნიშნავს უცხო სამუშაო მუშახელის შემოდინება ქვეყანაში, როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე და ყველა ფიქრობს, რომ ეს ასე თუ ისე ცუდი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის. რაც რეალურად, შეიძლება ბუნებრივი პროცესია და ეს ყოველთვის ხდებოდა... საუკუნეების განმავლობაში, ყველა ქვეყანაში. ის ქვეყანა, რომელიც მეტად ეკონომიკურად განვითარებული იყო, ბევრი უცხოელი ემიგრანტისთვის მიმზიდველი იყო და ამის კარგი მაგალითია ქართველი ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ. რაც შეეხება მინიმალურ ხელფასს - ეს საკითხი სამუშაო პროცესია საქართველოში, თუმცა საქართველოში მინიმალური ხელფასი საკმარისი არასდროს არის. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასის მქონე ქვეყანა რომ ავიღოთ - აშშ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეგ მინიმალური ხელფასი რეალურად მინიმალურია და შესაძლოა, არ აწყობდეს. თუმცა საქართველოს მოქალაქისთვის ამერიკის მინიმალური ხელფასი ძალიან მაღალი და მიმზიდველია. იგივე პროცესია ეს. მოვა ადრე თუ გვიან დრო, როცა საქართველო გახდება საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა და უცხოელი მიგრანტებისთვის მიმზიდველი გახდება. სხვა ქვეყნებში დასაქმებულების მნიშვნელოვან წილს უცხოელი მიგრანტები შეადგენენ და ჩვენს ქვეყანაშიც ასე იქნება. ანუ ეს არ არის ისეთი ტრაგიკული პროცესი, როგორც შეიძლება ბევრს მიაჩნდეს“, - თქვა ერეკლე კოკაიამ.

მისი შეფასებით, საქართველოში პროცესი იქით მიდის, რომ მუშახელი უცხოეთიდან ისეთ სექტორებში შემოვა, სადაც მაღალი ხელფასებია.

„ბიზნესი იქით მიდის, რომ ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მოიზიდოს, თუმცა საქართველო ხელფასების თვალსაზრისით ყველა სექტორში მოწინავე არ არის. კვლევა აჩვენებს, რომ მშენებლობის სექტორში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და მშენებლობაზე საშუალო მუშის ხელფასი 2000-დან 5000 ლარამდე შეიძლება იყოს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ღარიბი ქვეყნისთვის მიმზიდველად შეიძლება გამოიყურებოდეს. არც საკმარისი რაოდენობის სპეციალისტია და არც საკმარისი რაოდენობით მსურველი, ვინც შეიძლება ამ ინდუსტრიაში დასაქმდეს. შესაბამისად, ან მშენებლობები უნდა გაჩერდეს, ან უბრალოდ მოიძებნოს მუშახელი, რომელიც თვეში არსებული შემოსავლით კმაყოფილი იქნება.

მთავარი მიმზიდველი ფაქტორი ხელფასებია, რაც პროფესიონალებს ყოველთვის იზიდავს. არამხოლოდ ადგილობრივს, არამედ უცხოეთიდან. ერთ-ერთი კარგი მაგალითი შეიძლება იყოს თურქეთი, სადაც ძალიან ხშირად ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები მიდიოდნენ სამუშაოდ, თუნდაც სეზონურად. დღეს კი უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ სამშენებლო ინდუსტრიაში უფრო მეტად თურქი სპეციალისტები შეიძლება ჩამოვიდნენ საქართველოში და მე თავად შევსწრებივარ მომენტს, როცა თურქი სპეციალისტები არიან დასაქმებული და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიონალიზმით და უნარებით ბევრად წინ არიან, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა. თუმცა იმედი უნდა გვქონდეს, რომ ადგილობრივი მათგან ძალიან ბევრს ისწავლის“, - თქვა ერეკლე კოკაიამ.

რაც შეეხება ჰორეკა სექტორს, კოკაიას შეფასებით, ამ დარგში დასაქმებულთა საკითხი აქტუალურია ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით შექმნილი სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, თუმცა მისი შეფასებით, ეს მიმართულება აქტუალური არ იქნება უცხოეთიდან დასაქმების მსურველებისთვის, რადგან ანაზღაურება მაღალი არ არის.

„ეს თემა ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრად აქტუალური იყო, როდესაც ჰორეკა სექტორში ძალიან დიდი დეფიციტი შეიქმნა და ყველა ერთდროულად ძალიან ბევრ თანამშრომელს ეძებდა. გაჩნდა კითხვა უცხოელი მუშახელის მოსაზიდად უნდა გავხსნათ თუ არა პროცესი? არის რამდენიმე ინდუსტრია, სადაც ძლიერია ეკონომიკა და მაღალი ანაზღაურებაა, და არის სექტორები, სადაც ანაზღაურება შედარებით ნაკლებია. სამწუხაროდ, ჰორეკა სექტორი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში მაღალი ხელფასებით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ეს სფერო უცხოელებისთვის შეიძლება მიმზიდველი არ იყოს. ბოლო რამდენიმე წელში ხელფასები საგრძნობლად გაიზარდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, საქართველო უცხოელი კადრებისთვის ამ სექტორითაც მიმზიდველი გახდება. ამ ეტაპზე ისეთი ტრაგიკული პრობლემა არ გვქონია, რომ საზღვრებს გარეთ გვეძებნა კადრები, თუმცა ორი უკრაინელი ლტოლვილი გყავს დასაქმებული, რომელიც ჯერ კიდევ ომის დაწყებისას შემოვიდა და ჩვენ შევიფარეთ“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები