მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვაჭრეებს დეზერტირების ბაზრის დატოვება 15 აგვისტოს აღარ მოუწევთ

დეზერტირების ბაზარი

მოვაჭრეებს დეზერტირების ბაზრის დატოვება 15 აგვისტოს აღარ მოუწევთ, თუმცა უცნობია, როდემდე მიეცემათ მათ მუშაობის შესაძლებლობა. ამის შესახებ დღეს, ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს 15 აგვისტომდე ადგილების დაცლა მოსთხოვა, მიზეზად კი ტერიტორიის სარემონტო სამუშაოები დაასახელა, რამაც მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. გუშინ და დღეს მათ[მოვაჭრეებმა] საავტომობილო გზა გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დღეს მოვაჭრეებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ტეროტორიის დაცლისთვის მიცემულმა ვადამ გადაიწია, თუმცა როდემდე შეძლებენ ისინი მუშაობას, უცნობია. ამასთან, იგეგმება შეხვედრა ორი დღის შემდეგ, სადაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათთვის ალტერნატივის სახით შეთავაზებული ადგილები მიუღებელია და თუ არსებულ ადგილებზე საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცემათ, პროტესტს კვლავ გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა უკვე გასცა. პროექტს შპს "თბილისი მოლი" განახორციელებს, რომელიც ჰოლდინგ CBS ჯგუფის შემადგენელი კომპანიაა. ჰოლდინგის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

BMG ცდილობს საკითხზე დამატებითი დეტალები გაარკვიოს, მათ შორის უკავშირდება თუ არა ბაზრობის დახურვა სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაწყებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები