საქართველოს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილიც, რომელმაც შეხვედრის დაწყებამდე BMG-ის განუცხადა, რომ ის ირაკლი კობახიძის მთავრობისგან "ეკონომიკის აღორძინებას" მოელის.
თამაზ გაიაშვილმა პრემიერთან შეხვედრაზე უფრო მეტი საკითხის შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გაიაშვილის კომპანია "მარილი 2020"-მა მერიის არქიტექტურის სამსახურში შეათანხმა რუსთაველის გამზირზე, ნომერ 12-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის და 194-ნომრიანი სასტუმროს პროექტი. გაიაშვილის განცხადებით, შეთანხმებულია ესკიზური პროექტი, ხოლო სრულ პროექტზე მუშაობა გრძელდება.
"ჯერ ესკიზური პროექტი არის დამტკიცებული, მეტი არაფერი. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს,"- განაცხადა გაიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ახალი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება $80 მილიონ დოლარამდე იქნება.