მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა გაურბის დისკუსიას და მიზეზი არის ის, რომ მათ იციან, სად არის სიმართლე.
„ჩვენ ორ კვირაზე მეტია, ვთავაზობთ საზოგადოებას ღია თუ არა ღია, ნებისმიერი ფორმატის დისკუსიას, ყველა გაურბის დისკუსიას, ორ ადამიანს ჰქონდა მცდელობა, შემოსულიყო დისკუსიაში და ისე დააბულინგეს, რომ მათაც ვერ შეძლეს. ყველა გაურბის დისკუსიას. ყველას ეშინია საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის. არასაჯაროსაც კი ვთავაზობთ. დახურულ კარს მიღმა მოვიდნენ და ვისაუბროთ. ამასაც კი გაურბიან. ამისაც ეშინიათ. საჯარო დისკუსიის კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. რატომ? მიზეზი არის პირველ რიგში ის, რომ მათ იციან, სად არის სიმართლე. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ რომ არ შეგვიჩერებია, ესეც აბსოლუტურად ყველამ გაიგო. ღიად ვერ ითხოვენ ისინი რიგგარეშე არჩევნებს. ადამიანების უმეტესობას არ აქვს იმის სურვილი, რომ რიგგარეშე არჩევნები ასე საჯაროდ მოითხოვოს, მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილიც კი ღიად ვერ ბედავს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას. მათ თვითონ ეთაკილებათ ის, რომ ხმა მისცეს იმავე სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის თუ გახარიას პარტიებს. ამიტომ ღიად მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ. ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში. კონკრეტული ადამიანები გამოდიან ხოლმე აქციებზე განცხადებებით, რომ არავინ გველაპარაკება, რატომ არ ესაუბრებიან ამ ხალხს, გამოდიოდა, თუ არ ვცდები, შოთა არველაძე აქციაზე. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს, როცა ორი კვირაა, ვიმეორებთ იმას, რომ მზად ვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატში საჯარო დისკუსიისთვის. მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას. რამდენჯერაც გავაკეთე ასეთი განცხადება, იმდენჯერ მივიღე დუმილი პასუხად. მიზეზი არის მარტივი – სიმართლე სადაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, უბრალოდ, ვიღაცებს აქვს ეს პოლიტიკური, რაღაც რელიგიური რწმენა, რომ სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია არიან უკეთესები. ამ რწმენას რა შეიძლება ვუყოთ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ, საჯარო დისკუსია არის ის, რასაც ვთავაზობთ ამ ადამიანებს, უკვე ორ კვირაზე მეტია, თუმცა ვხედავთ, რომ ჩვენს ოპონენტებს ზუსტად ისე ეშინიათ ამ დისკუსიის, როგორც ეშმაკს ჯვრის“, – განაცხადა კობახიძემ.
შოთა არველაძე დემონსტრაციაზე 1 დეკემბერს იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ - მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე.
"საიდან დავიწყო რთულია, ალბათ, ყველას თავისი პროტესტი აქვს საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - ზოგი წერს, ზოგი მოდის და აქ აპროტესტებს. მე გუშინდელმა ღამემ, რა თქმა უნდა, ვერ გამაძლებინა, რომ დღეს, არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა და არ შევერთებოდი პროტესტის მონაწილეებს. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი იყო, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე. რაც ხდება საშინელებაა. ის, ვინც მართლა უნდა გიცავდეს, ის, ვინც მართლა შენსკენ უნდა იყოს, ასე ექცევა თანამემამულეს, ქალს არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს - თუ ეს, როდისმე ხდებოდა და ცუდი იყო და დღესაც ხდება, ეს, ისეთივე ცუდია, როგორც ადრე. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გამოხატო, თქვა, დაწერო, მაგრამ მე, სხვათა შორის გადავწყვიტე, რომ საერთოდ ამ ბოლო მოვლენებზე არაფერი არასდროს დამეწერა და თუ მექნებოდა საშუალება მოვსულიყავი და თვითონ შევუერთდი ამ მოვლენას და პროტესტს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.