დღეს, უნგრეთის საელჩოსთან 12:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. მოთხოვნა უნგრეთისგან ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირების მხარდაჭერაა.
"გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ უნგრეთის საელჩოსთან (ლვოვის ქ. 83, ვეძისში), 12:00 საათზე, ნაწამები ხალხის ფოტოებით, და მოვითხოვოთ უნგრეთისგან, რომ მხარი დაუჭიროს ქართული ოცნების წარმომადგებლების დასანქცირებას" - მოუწოდებენ აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს.
ისინი აღნიშნავენ, რომ დღეს, ბრიუსელში იკრიბება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრების საბჭო, სადაც განიხილავენ საქართველოს საკითხსაც (უკრაინასთან და ახლო აღმოსავლეთთან ერთად. სულ 3 საკითხია).
"როგორც ვიცით და უკვე არაერთხელ მოვისმინეთ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებისგან თუ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან, რომ საქართველოსთან მიმართებით, მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის გამო განიხილება სხვადასხვა ზომების გამოყენება, მათ შორის ინდივიდუალური სანქციები „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლების იმ პირების მიმართ ვინც ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს, აორგანიზებს ან ჩართულია ანტიდასავლურ პროპაგანდაში; მონაწილეობას იღებდა 26 ოქტომბრის არჩევნების მოპარვაში და აორგანიზებს ან მონაწილეობას იღებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება, წამება, გასამართლებაში.
ასევე ვიცით, რომ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის მხრიდან სჭირდება წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი. ბევრი სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ ასეთი კონსენსუსის მიღწევას ხელს უშლის უნგრეთი.
საბჭოს შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე იწყება", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.