ევროპისა და კანადის პარლამენტარები საქართველოს არჩევნების შესახებ ერთიან განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში არსებულ ფონზე, ევროკავშირი არჩევნების შედეგებს ვერ აღიარებს, თუმცა EU-ს ლიდერები, ამ დროისთვის, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე უარს ამბობენ.
BM.GE განცხადებას სრულად გთავაზობთ.
"ჩვენი სოლიდარობა ეკუთვნით ერთგულ ევროპელებს საქართველოში, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. სურთ თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. კვლავ გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს გაერთიანებული ევროპის გულში თავის ადგილს.
თუმცა, ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც - სამართლიანი. წინასაარჩევნო პოლიტიკური კლიმატი ვერ შეედრება სამართლიანობის ევროპულ სტანდარტებს. ადგილი ჰქონდა კანდიდატების დაშინებასა და მუქარას, სახელმწიფო ძალის გადამეტებას, ხმების ყიდვას. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები ამის ნათელი დასტურია. შესაბამისად, არჩევნების დღეს დაშინებისა და მოსყიდვების გარდა, ადგილი ჰქონდა გაყალბებასაც.
ქვეყანა უფრო და უფრო იყოფა ქალაქებად და სოფლებად, ახალგაზრდებად და მოხუცებად.
ეს არჩევნები იყო არჩევანი ევროპასა და იზოლაციას შორის, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. აშკარაა, რომ საარჩევნო კამპანიების დროს უფრო ნათელი ვერ გახდა, რომ მმართველი პარტიისა და მათი პოლიტიკის პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ გაგრძელდება. “ქართული ოცნების” პოლიტიკა უბრალოდ შეუთავსებელია ევროკავშირთან. “გლობალური ომის პარტიის” შესახებ მავნე კამპანია, რომელიც საქართველოს მეორე უკრაინად აქცევდა, ნაყოფიერ ნიადაგში ჩავარდა. მხოლოდ ერთადერთი “გლობალური ომის პარტია არსებობს” და მას სახელით უნდა მიმართოთ. მისი სახელია რუსეთი.
არსებულ ფონზე, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნების შედეგებს.
მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც გავლენა იქონიეს არასამართლიან არჩევნებზე, დაშინებასა და მუქარაზე ოპოზიცასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
მიუხედავად უდიდესი იმედგაცრუებისა, არ უნდა მივატოვოთ საზოგადოების პროევროპული ნაწილი. მეტიც, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ. ამ დროისთვის უარს ვამბობთ საერთო სასჯელზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების სახით. თუმცა ვშიშობთ განათლებული, პროევროპული ახალგაზრდობის მომავალზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის ევროკავშირის კარი ღიაა, ეს საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის ტრაგედია იქნება.
ვღელავთ ქვეყნის “ბელარუსიზაციის” გამო. თუ მმართველი პარტია და მისი ლიდერი თავიანთ განცხადებებს ქმედებებით მიჰყვებიან, ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების გასამართლებისა და აკრძალვის საფრთხე დგება. ევროკავშირმა აშკარა უნდა გახადოს მმართველი პარტიისთვის, რომ ამას არ მიესალმება და ურთიერთობების მყისიერ შეწყვეტას მიმართავს, თუ ეს მოხდა.
ვაგრძელებთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის ძლიერ მხარდაჭერას, გააერთიანოს ქვეყანა, დაიცვას დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა, რათა შეინარჩუნოს და დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი” - ნათქვამია განცხადებაში.
საერთო განცხადებას ხელს ევროპისა და კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების 10 წარმომადგენელი აწერს:
მაიკლ როთი - გერმანია
ემანუელის ზინგერისი - ლიეტუვა
ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვა
ჩარლს ფლანეგენი - ირლანდია
მარკო მიხაელსონი - ესტონეთი
რიჰარდ კოლსი - ევროპარლამენტი
ბოგდან კლიჩი - პოლონეთი
კერსტინ ლუნდგრენი - შვედეთი
ლია ქუარტაპელი - იტალია
ოლექსანდრ მერეჟკო - უკრაინა
ინარა მუნიეცი - ლატვია
რადოსლავ ვოგიელი - პოლონეთი
ალი ეჰსაასი - კანადა