სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთის უდიდესი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებია.
"გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის გზაა ევროკავშირისკენ. ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციაზე მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის გაწევრიანების პროცესი გახადა ხელშესახები და ველით და ვითხოვთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის", - განაცხადა ფაშინიანმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.
2024 წლიდან ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის დიალოგი შეჩერებული აქვს, ასევე ევროკომისიის განცხადებით, შეაჩერეს ფინანსური დახმარებაც. ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მთავრობის ქმედებებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის განცხადებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და შეუთავსებელია მათ ღირებულებებთან. 2025 წლის ბოლოს ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა. ბოლო გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით მიიღო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერება იყო.




























