საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი აშშ-ის კონგრესში ქართველი დეპუტატები მიმართ შემუშავებული სანქციების პაკეტის შესახებ აცხადებს, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ და უნდა დაველოდოთ. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მან სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კონგრესში წარდგენილ სანქცირების პაკეტზე თქვა, რომ ეს ის ფორმა არ არის, რომლითაც პარტნიორები თანამშრომლობენ და იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატების მიმართ ამ სანქციებს არ მიიღებენ.
„აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ამ პარტნიორობას მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ და ეს თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება და ორი ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება. ეს თანამშრომლობა დამყარებული იქნება ნდობასა და პასუხისმგებლობაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, რაც თქვენ ახსენეთ ალბათ მიღებული არ იქნება. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ. ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და ჟურნალისტის კითხვაში ტერმინ „რუსული კანონის“ უმართებულობაზე ისაუბრა: „კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ტერმინ „რუსული კანონის“ გამოყენება არასწორია და არაკორექტულია, ეს არის კლიშე და მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შევიდეს შეცდომაში და სამწუხაროა, რომ შინაარსის ნაცვლად ჩვენ მსჯელობთ...“.
ლევან დავითაშილმა დასძინა, რომ ქართველ ოპოზიციონერებს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, როდესაც ამ კანონს „რუსულად“ მოიხსენიებენ და კიდევ ერთხელ აცხადებს: „მე გეტყვით, რომ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. როდესაც მასიურად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს გამეორებულ იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ, თუმცა სამწუხაროდ, არ იყო შინაარსზე, პრინციპულ განსხვავებებზე მსჯელობა, რომელზედაც პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“.
ცნობისთვის: გამოცემა POLITICO-მ მოიპოვა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინება და საქართველოში დემოკრატიის დასაცავად, "აგენტების კანონზე" და ქვეყანაში დემოკრატიის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა წერს, იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქართველოში რუსული სტილის „აგენტების კანონის“ მიღებაზე არიან პასუხისმგებლები, შესაძლოა აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა დაემუქროთ. სტატიაში აღნიშნულია, რომ სავიზო შეზღუდვები პოლიტიკოსებთან ერთად მათ ოჯახებზეც გავრცელდება. ამ ზომებს კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც POLITICO-ს თანახმად, აშშ-ის კონგრესს წარედგინება. კანონპროექტში არის ხაზგასმა მმართველი პარტიის რუსეთის ფედერაციასთან დაახლოების პოლიტიკაზე, რომელიც არალიბერალური შემობრუნების ნაწილია. ასევე მითითებულია, რომ ხდება თავდასხმა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებზე, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებაზე, იმის პარალელურად, რომ იზრდება კავშირები რუსეთთან და ასევე, ჩინეთთან.
POLITICO ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კანონპროექტს სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელი წარმომადგენელი, ჯო უილსონი წარადგენს.