აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მევენახე ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი თავიდან ასაცილებლად აგროდაზღვევით სარგებლობისკენ მოუწოდა.
უმრავლესობის დეპუტატმა სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის მონაცემებზე ისაუბრა და აგრობადეების მნიშვნელობის შესახებაც აღნიშნა.
“2023 წლის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, 4,809 ბენეფიციარმა ისარგებლა აგროდაზღვევით, დაზღვეულია 8,391.40 ჰა. ჯამურად სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 7,187,530 ლარი. ამიტომ მინდა ეს ტრიბუნაც გამოვიყენო და მოვუწოდო მევენახე ფერმერებს, რომ უფრო აქტიურად გამოიყენონ აგროდაზღვევის კომპონენტი, რომელშიც სახელმწიფო 70%-იანი თანადაფინანსებით შემოდის. აგროდაზღვევა მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ ზიანს, რომელიც სტიქიამ შეიძლება მოგაყენოთ. მაგალითად, ერთ ჰექტარზე თუ დაზღვევა თეთრი ყურძნის შემთხვევაში 255 ლარი ჯდება, ხოლო წითელი ყურძნის შემთხვევაში - 500 ლარამდე, ზიანმა შეიძლება 5000 ლარიდან 15 000 ლარამდე მიაღწიოს ერთ ჰექტარზე. აგროდაზღვევა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიც არის მაგალითად, დამცავი ბადეები ვენახებისთვის, აქტიურად უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან წარმოუდგენელია სოფლის მეურნეობა დავიცვათ სტიქიური უბედურებებისგან“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, კლიმატის ცვლილებების, სტიქიური მოვლენებისა და მისი სავალალო შედეგების, რეგიონში მიმდინარე გამოწვევების და სხვა სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვანი პროგრესია მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით.
„თუ ათი წლის წინ მევენახეებთან სეზონზე 35 მილიონი ლარი შედიოდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 270 მილიონი ლარი იყო“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გასულ უქმეებზე კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. ცნობისთვის, სახელმწიფო მზადაა, სეტყვით დაზიანებული ყურძენი 90 თეთრად შეიძინოს.