პარლამენტის ვიცე სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, ახალი პრეზიდენტი სამაგალითო და ქვეყნის მოყვარული ადამიანი იქნება.
“ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ხმოსნების მიერ იქნება შერჩეული, ნამდვილად იქნება ის სამაგალითო ადამიანი, რასაც სამწუხაროდ, არსებული პრეზიდენტის შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვიტყვით. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს უმთავრდება უფლებამოსილება, რა თქმა უნდა ამ მნიშვნელოვან, სიმბოლურ, მაგრამ მნიშვნელოვან პოზიციას გადაიბარებს ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანი“, - განაცხადა მედიასთან ნინო წილოსანმა.
ხვალ პარლამენტი, პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს მედიასთან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას და ინაუგურაციის ჩატარებას წელს გეგმავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტი მომავალი წლის დასაწყისიდან აირჩევა. კობახიძის თქმით, ეს იანვრის დასაწყისში მოხდება. მამუკა მდინარაძის განცხადებით კი მმართველ გუნდში ამჯერად შეეცდებიან პრეზიდენტობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზი აღმოფხვრან და მათმა კანდიდატურამ თავიდანვე გამორიცხოს ვარაუდი, რომ ის არ გაამართლებს.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იკავებს. იგი მეხუთე და ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საყოველთაო არჩევნების გზით აირჩიეს. 2017 წელს კონსტიტუციაში შესული ცვლილებით, პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნებით აღარ აირჩევენ, არამედ პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს.