მმართველ გუნდში ამჯერად შეეცდებიან პრეზიდენტობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზი აღმოფხვრან და მათმა კანდიდატურამ თავიდანვე გამორიცხოს ვარაუდი, რომ ის არ გაამართლებს. ასეთი პასუხი გასცა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ რომ "ოცნებას" პრეზიდენტობის ბოლო ორ კანდიდატურაში არ გაუმართლა.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კანდიდატურას იმაზე მალე წარადგენენ, ვიდრე ამას საზოგადოება ელის.
"ახლა შევეცდებით ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და [პრეზიდენტობის] ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე გუნდის შიგნით მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ გვიმსჯელია. ჩვენ პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უფრო ადრე შეიძლება გავახმოვანოთ, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ, ამიტომ შევეცდებით თარიღის გამოცხადებასთან შემჭიდროვებულ ვადებში ვისაუბროთ ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატზე", - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა
გასულ კვირას ბაქოში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტი მომავალი წლის დასაწყისიდან აირჩევა. კობახიძის თქმით, ეს იანვრის დასაწყისში მოხდება.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იკავებს. იგი მეხუთე და ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საყოველთაო არჩევნების გზით აირჩიეს. მომდევნო წელს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს.