ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებით, წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული ₾85 მილიონის მოცულობის გრანტის შესახებ მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი და მათი დაფინანსება შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. ამის შესახებ კი ინფორმაცია საგადასახადო სამსახურსაც არ აქვს, რადგან ამასთან დაკავშირებით NGO-ებს დოკუმენტები არ წარუდგენიათ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წარდგენისას მდინარაძე იმასაც აცხადებს, რომ ამ 85 მილიონიდან არასამთავრობოებს მხოლოდ 15 მილიონის გრანტები მხოლოდ იმის გამო აქვთ დადეკლარირებული, რომ დღგ დაებრუნებინათ, ან იმპორტის გადასახადი გაუქმებოდათ.
„85 მილიონი ლარი ბოლო წლებში მიკვლეული იქნა საშემოსავლო გადასახადის, საშემოსავლო დეკლარაციების და იმ ტრანზაქციების მიღებით, სადაც ზედნადები იყო გამოყენებული, ანუ სხვა რაიმე ხარჯი მიკვლევადი არ არის. კაცმა არ იცის ამ გრანტებიდან, საიდანაც 85 მილიონი დაიხარჯა 200 მილიონი იყო გრანტი, 300, 400... თუ 2 მილიარდი. საშემოსავლო ნაწილში და რაც ზედნადებებით გახდა მიკვლევადი დაფიქსირებული ჰქონდათ 85 მილიონი. იმავე პერიოდში შესაბამის სამსახურს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ 15 მილიონის გრანტების შესახებ ჰქონდათ. ისიც ის 15 მილიონი იმიტომ რომ გრანტი თავისუფლდება დღგ-სგან, სადაც უნდა თქვას, რომ მანქანა შემოიყვანა და დღგ უნდა დაიბრუნოს, ან იმპორტის გადასახადისგან განთავისუფლდეს, მიდის შესაბამის სამსახურში და ამბობს, რომ ეს ტრანზაქცია და ოპერაცია დღგ-ით არ უნდა დაიბეგროს და მხოლოდ ამიტომ დააფიქსირებს გრანტს და მიაქვს გრანტის ხელშეკრულება, სხვა შემთხვევაში გრანტის ხელშეკრულებები სახელმწიფო უწყებებს არ გააჩნიათ.
85 მილიონი საშემოსავლოს და ზედნადებების მიხედვით გახდა მიკვლევადი, ამ დროს იგივე პერიოდში იგივე 7 ორგანიზაციას გრანტთან დაკავშირებით, დღგ-სგან და იმპორტისგან გათავისუფლება რომ უნდოდათ ინფორმაცია მხოლოდ ₾15 მლნ-ზე აქვთ წარდგენილი აქვთ. ამ დროს ეს შეიძლება 0.5 მილიარდი დოლარი იყოს, ანუ საგადასახადო სამსახურისთვისაც გაუმჭვირვალეა[გრანტების მოცულობა], და მათთვის რომ გაუმჭვირვალეა ხალხმა რა უნდა იცოდეს. სულ რომ საგადასახადოსთვის გამჭვირვალე იყოს, ახლაც იმიტომ ვერ ვასახელებ ორგანიზაციებს, რომ ან კომერციულ საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე ან საიდუმლოა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების მოცულობის შესახებ პირველად 8 აპრილს საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციების გრანტების მხოლოდ 18% აქვთ დადეკლარირებული.