მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოვუწოდებთ EU-ს, სანქციები დაუწესოს ივანიშვილს და კობახიძეს - ევროპარლამენტარების განცხადება

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

ოთხი ევროპარლამენტარი საერთო განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს "საქართველოში დაწყებულ რეპრესიების ახალ ტალღაზე, რომლის სამიზნეც ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან". ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ სანქციები დაუწესონ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ ირაკლი კობახიძეს.

"ღრმად შეშფოთებულები ვართ რეპრესიების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, რომლის სამიზნეც არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მაუწყებლები და პროტესტის მონაწილეები. მკაცრად ვგმობთ, ოთხი ოპოზიციონერის მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის დაკავებას, "ქართული ოცნების" საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. მათი ციხეში გაშვება და ორი წლით საჯარო თანამდებობის აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, დემოკრატიაზე აშკარა თავდასხმაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური ხმების გაჩუმებას და დაშინებას.

ეს ნაბიჯი არის აშკარა მაგალითი "ქართული ოცნების" მცდელობისა ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინოს და ჩაახშოს ნებისმიერი წინააღმდეგობა. ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს ქვეყანაში საარჩევნო გარემოზე მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ სოლიდარულები ვართ ოპოზიციონერი ლიდერების, სამოქალაქო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მაუწყებლებისა და პროტესტის მონაწილეების მიმართ, რომლებიც რეპრესიების ახალი ტალღის სამიზნე გახდნენ. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ იმოქმედონ და დაუწესონ პერსონალური სანქციები მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოწოდებას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მართულ გარემოში, ფართო საერთაშორისო დამკვირვებლების თანხლებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოაჩნეს საქართველოს ხალხის ნებას", - წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ევროპარლამენტარები არიან:

  • ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია)
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე - სერგეი ლაგოდინსი (მწვანეები/ევროპის თავისუფალი დემოკრატები, გერმანია)
  • სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე - ნილს უშაკოვსი (სოციალ-დემოკრატები, ლატვია)
  • (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა) - რასა იუკნევიჩიენე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები