მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება - გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები

გაერო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება 14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე განიხილა.

სხდომის შემდეგ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტას, სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

"დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო და უსაფრთხოების ძალები.

ვიმეორებთ ჩვენს 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების წვდომა ორივე რეგიონში", - განაცხადა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ.

მისივე თქმით, საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და უფრო ფართოდ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, საქართველოს შიდა რეგიონების გამყოფი მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაძლიერებულ პროცესს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, გადაადგილების თავისუფლებაში ჩარევას და ე.წ. „გადასასვლელების“ მუდმივ დახურვას, ეთნიკურად ქართველების დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებას. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, რაში დამნაშავეებიც არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი“, – განაცხადა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.

საბჭომ დაგმო საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, რომლებიც ორივე რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, იუსტიციის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ინკორპორირებას ისახავს მიზნად, მათ შორის, ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების - ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარება, მათ შორის, 2024 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების აფხაზეთსა და ცხინვალში ჩატარებით, ასევე 2024 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები