პირველი იანვრიდან სიგარეტზე და გასახურებელ თამბაქოზე აქციზი გაიზარდა. ამ გადაწყვეტილების მოტივაციად საქართველოს პარლამენტმა ორი მთავარი ასპექტი დაასახელა – თამბაქოს მოხმარების და ამ გზით ზიანის შემცირება და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა.
კანონის განმარტებითი ბარათი არ მოიცავს ანალიზს კონტრაბანდული პროდუქციის შესახებ. აბუ-დაბიში, წლის ბოლოს გამართულ ტექნოვაციების კონფერენციაზე „ანალიტიკა“–ს მთავარი აქცენტი სწორედ ეს იყო – რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კონტრაბანდის ზრდამ ორივე ამ ასპექტზე – ზიანის შემცირებაზე და შემოსავლების გათვლილი ოდენობით მობილიზებაზე.
როგორია კონტრაბანდასთან დაკავშირებული გლობალური გათვლები – ინტერვიუების მეორე სერიაში ვესაუბრებით PMI-ის არალეგალური ვაჭრობის პრევენციის მიმართულების რეგიონალურ დირექტორს ფილიპე ვან გილს.
- რა არის კონტრაბანდული თამბაქოს გლობალური გავლენა ამ დროისთვის, როცა მე და თქვენ ვსაუბრობთ?
- წლიური 2.2 ტრილიონი დოლარი – ასეთია კონტრაბანდული თამბაქოს რიცხვი გლობალურად. მოხმარებული თამბაქოს 14–15% კონტრაბანდულია. ეს დაახლოებით 500 მილიარდი სიგარეტია. კონტეინერების რაოდენობებში თუ ვთარგმნით, უკეთესი ვიზუალიზაციისთვის, 50 მილიონ კონტეინერზე ვსაუბრობთ, რომლებიც კონტრაბანდულად ვრცელდება მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად. ეს რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა, რადგან ამ კონტრაბანდულ ვაჭრობას შემდეგ უკვე აქვს გავლენა ჯანმრთელობის პოლიტიკაზე, ართულებს მოწევის საწინააღმდეგო პროგრამების მართვას და ხელს უშლის მომხმარებელს, ალტერნატივა ეძებოს, რადგან ბაზარი ჯერდება დაბალი ხარისხის, იაფი პროდუქციით.
- რა არის კონტრაბანდული ვაჭრობის მთავარი მამოძრავებელი?
- კარგი კითხვაა. ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მამოძრავებელი დაბალი რისკის და მაღალი შემოსავლების მომტანი ბიზნესია. კონტრაბანდული ვაჭრობა დიდი კრიმინალური ორგანიზაციების წამხალისებელიც არის ამ ნაწილში. საკითხი პერსპექტივაში რომ დაგანახოთ, ჩვენი შეფასებით, კონტრაბანდული სიგარეტი რომ იყიდოთ და კონტეინერი აავსოთ, დაახლოებით 100 ათასი დოლარი დაგიჯდებათ და ძალიან ადვილად გაყიდით 2.3 მილიონ დოლარად. ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჯარიმები და ანტი–კონტრაბანდული პოლიტიკის აღსრულებაა. დღეს კონტრაბანდული ვაჭრობა ძირითადად კომერციული დანაშაულია – შესაბამისად, ჯარიმებიც ძალიან დაბალია. ბევრ შემთხვევაში, პატიმრობა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, მოგების ისეთ მარჟაზე შეიძლება გახვიდეთ, რომ ჯარიმა ვერ ანელებს თქვენს მოტივაციას ჩართული იყოთ ამ ბიზნესში. რისკი მოგებასთან შედარებით ძალიან დაბალია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ მარეგულირებლებს და სახელმწიფოებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ ჯარიმები ამ მიმართულებით.
- ამ კონტექსტში განვიხილოთ აქციზის გადასახადიც. როგორ ფიქრობთ, მისი დაწესება ხშირად უფრო პოლიტიკური მიზნებით არის ხოლმე განპირობებული, თუ ეკონომიკა და ბიზნესია წამყვანი?
- კარგი საკითხი წამოჭერით. როცა ვაკვირდებით ქვეყნებს, რომლებმაც რადიკალურად გაზარდეს აქციზის გადასახადი, ეს ავტომატურად ხდება კონტრაბანდული მოვაჭრეებისთვის ნოყიერი ნიადაგი, რომ ამ ბაზრებით დაინტერესდნენ. იგივე ხდება ალტერნატიული საშუალებების აკრძალვის შემთხვევაშიც. თურქეთი, ტაილანდი, ვიეტნამი – მათ აკრძალეს თამბაქოს ალტერნატივები, ასევე – რადიკალურად გაზარდეს აქციზის გადასახადი, რამაც დააჩქარა ინფლაცია და ამ ყველაფერმა, თავის მხრივ, ამ ბაზრებზე კონტრაბანდით მოვაჭრეები მოიზიდა. საბოლოოდ, კონტრაბანდა შეეხო, როგორც თამბაქოს, ისე მის ალტერნატივებსაც.
- აქციზის გადასახადის ზრდის ერთი მოტივაცია მთავრობებისთვის, შემოსავლების მობილიზაციაა – ამით ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზება სურთ. გამოდის, ასეთი სწორხაზოვანიც არ არის ეს მიმართება, თუ განტოლებაში კონტრაბანდულ ვაჭრობის ცვლადსაც ჩავრთავთ?
- სრულიად ბუნებრივია, რომ მთავრობას უნდოდეს მეტი შემოსავლის მობილიზება და შემდეგ, ამ ფულით სხვადასხვა პროგრამის დაფინანსება. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგრამებიც. მაგრამ თუ აქციზის გადასახადს მკვეთრად გაზრდი, შეიძლება უკუეფექტი მიიღო – შემოსავლები შეიძლება შეგიმცირდეს კიდეც, კონტრაბანდული ბაზრის წილის ზრდამ შეიძლება ჩაყლაპოს მთელი ეფექტი. გვაქვს ამის მაგალითებიც – მათ შორის, საფრანგეთშიც, 2012 წელს – ფილიპინებზეც. ეს არ არის კარგი მიდგომა. ამ ნაწილში ჩვენი რეკომენდაცია ისიც არის, რომ აქციზის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს სიგარეტებისა და მათი ალტერნატივების შემთხვევაში. ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტი შეიძლება უფრო დაბალი განაკვეთით დაიბეგროს.
- ინდუსტრიის პოზიციაა, რომ რეგულირებას არ გაურბის, თუმცა, ბაზარზე ალტერნატივებს შორის ჯანსაღი კონკურენციაც სურს – რა რეკომენდაცია გაქვთ ამ ნაწილში?
- კარგი მაგალითია ის მიდგომა, რაც ფილიპინებმა დანერგეს. ყველა ბიზნესს და მწარმოებელს მოსთხოვეს დარეგისტრირება – აქ შედიოდა, როგორც კონვენციური სიგარეტი, ისე მისი ალტერნატივებიც. ამ ბრენდების დარეგისტრირებისთვის მათ გამჭვირვალე სტანდარტი შექმნეს – ჩამონათვალში თუ ხარ, ბიზნესს ლეგალურად აწარმოებ და პირიქით. ეს ამარტივებს აღსრულებას.