შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი, რომელიც 39 შვედური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისგან შედგება, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სადაც სამოქალაქო საზოგადოება მზარდი ზეწოლისა და სამართლებრივი დაშინების წინაშე დგას.
განცხადებაში კრიტიკულადაა შეფასებული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სასამართლოს გზით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის ბენეფიციარების შესახებ.
"კონფიდენციალური მონაცემების გამჟღავნების იძულებითი მცდელობა არღვევს კონფიდენციალურობის, სამართლებრივი დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის ძირითად პრინციპებს. ის ასევე შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც უფლებების დასაცავად, დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად ან დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად მუშაობს",- წერია განცხადებაში.
განცხადება ასევე ეხმიანება სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტების გამო მთავრობის კრიტიკულად განწყობილი პირები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსების სასამართლოში დაბარებებს და აღნიშნავს, რომ ეს პროცესები, რომლებიც სოციალურ მედიაში პოსტებს უკავშირდება, საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას და აძლიერებს განსხვავებული აზრის გაჩუმების უფრო ფართო ტენდენციას.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს მოვლენები არ არის იზოლირებული ინციდენტები. ისინი მზარდი ტენდენციის ნაწილია, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს",- აღნიშნულია განცხადებაში.
შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლების მქონე პირების ყველა სახის სამართლებრივი შევიწროება.
- უზრუნველყოს, რომ კანონები გამოყენებული იქნეს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად და არ იქნეს გამოყენებული დაშინების ინსტრუმენტებად.
- კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, გაერთიანების თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცის მიმართ.
"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ხმა აიმაღლოს და მხარი დაუჭირონ საქართველოში დემოკრატიის დამცველებს.
ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება საფრთხეს არ წარმოადგენს. ის ნებისმიერი საზოგადოების ქვაკუთხედია, რომელიც დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვის.
შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში და მთელ რეგიონში",- აღნიშნულია განცხადებაში.




























