მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეასრულონ დანაპირები’’ - ჯვარელები მეოთხე წელია უწყვეტ წყალმომარაგებას ელიან

6301d18804f09
დიმა კვარაცხელია
21.08.22 15:00
1353
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობას 2019 წლიდან უწყვეტი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა, თუმცა პროექტი დღესაც დაუსრულებელია და მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.
ინფრასტრუქტურულ პროექტის განხორციელებისთვის ჯვარის ზონისთვის ჯერ 19 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო შეცვლილი ღირებულებით ის 27 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, დასრულების შედეგად, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიან, ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებდა.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. წყალმომარაგების სამუშაოებს კი აზერბაიჯანული კომპანია AS Inshaat (ას ინშაატი) ახორციელებს. BM.GE კომპანიას დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ რა გახდა სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი. თუმცა, AS Inshaat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აზერ ასვაროვმა განაცხადა, რომ წყალმომარაგების კომპანიასთან შეთანხმების გარეშე, ინტერვიუს ვერ მოგვცემდა. ამის შემდეგ BM.GE-მ წერილობით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართა. სახელმწიფო უწყებაში ადასტურებენ, რომ ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობდა, მაგრამ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით 51 კმ. სიგრძის წყალმომარაგების ქსელი მოეწყო, ორი რეზერვუარის რეაბილიტაციის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, ასევე დასრულდა ბურღვითი სამუშაოები 8 ჭაბურღილზე, აშენდა სატუმბი სადგური და დამონტაჟდა 2,400 მრიცხველის ყუთი.

"ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კონტრაქტორის მიერ სამუშაოების დაახლოებით 61% შესრულებულია. კომპანიის მიერ კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის გადახდილია $5,555,380.98. კონტრაქტორი ამჟამად ახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: თუჯის მილების და ჭების მონტაჟი, No1 და No2 რეზერვუარის კედლების და სახურავის ჰიდროიზოლაცია, საშიბერო კამერის დაერთება რეზერვუარებთან, კორპუსების ურდულების, ჭების, ჰიდრანტების მონტაჟი, კორპუსების გამრიცხველიანება, სატუმბი სადგურის სამშენებლო სამუშაოები, ტრანსფორმატორის მონტაჟი, რეზერვუარის და ჭაბურღილის ტერიტორიის შემოღობვა, სატუმბ სადგურამდე და ჭაბურღილამდე მისასვლელი გზების, SCADA სისტემის მოწყობა და სადარაჯო შენობის მშენებლობა", - ესაა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ BM.GE-ის კითხვებზე პასუხად მოამზადა.

მათივე თქმით, კონტრაქტორი მხარის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობდა.

"ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, კონტრაქტორ კომპანიას ეკისრება საჯარიმო სანქციები. აღნიშნული ჯარიმის თანხის დაკავება ხორციელდება კონტრაქტორისთვის გადასახდელი თანხიდან", - ნათქვამია მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მუშების ანაზღაურების საკითხს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, აღნიშნული კონტრაქტორსა და მუშებს შორის არსებულ შრომით - სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც შრომითი ანაზღაურების პირობები/გადახდის წესი განისაზღვრება.

"კომპანიას არ გააჩნია ინფორმაცია მუშებისათვის გადახდილი/გადასახდელი შრომის ანაზღაურების შესახებ", - აცხადებს უწყება.

ადგილობრივი მოსახლეობის აზრით პროექტს, ამ ხელისუფლების პირობებში წყალმომარაგების პროექტს დასრულება არ უწერია.

"თბილისიდან ყოველი არჩევნების წინ ჩამოდიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პრობლემის მოგვარებას გვპირდებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. გრაფიკით გვაქვს წყალი, ზოგჯერ საერთოდ არ არის 2-3 დღე. არ ვიცი როგორ გავძლებთ ასე", - აცხადებს ჯვარის მკვიდრი ნანული შონია.

ჯვარის რწმუნებულის, ირაკლი ხარჩილავას განცხადებით, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. მისივე ცნობით, კომპანიაში დასაქმებულ პირების ნაწილს ხელფასების დავალიანება აუნაზღაურეს.

"კომპანიამ სამუშაოების დასრულებისთვის ვადა ნოემბრის ბოლომდე ითხოვა. ახლა მიმდინარეობს ოხარკალე-ქვედა ჯვარის შემაერთებელი ლოკაციის დამონტაჟება და შემდეგ სამუშაოები გადაინაცვლებს მთავარი შემკრების ავზის ტერიტორიაზე, საიდანაც უნდა მოხდეს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება. თუ აღნიშნულ პროექტს კომპანია წლის ბოლოს არ დაასრულებს. ადგილობრივი ხელისუფლება გააგზავნის მოთხოვნას შესაბამის სამსახურებთან, რათა კანონის უმაღლესი ფორმით, კომპანიის და იქ მომუშავე პერსონალისთვის ფინანსური სანქციების დაკისრება მოხდეს", - აცხადებს ირაკლი ხარჩილავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები