„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ EBRD-მა და IFC-მ ეს საინტერესო მოგზაურობა ჩვენთან ერთად დაიწყო”, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ „თიბისი უზბეკეთის“ წილის შეძენასთან დაკავშირებით განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, ტაშკენტში „თიბისი ბანკის“ ჯგუფმა (TBC PLC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც „თიბისი ბანკის“ ჯგუფის შვილობილ კომპანიაში „თიბისი უზბეკეთი“ IFC-ის და EBRD-ის წილობრივ მონაწილეობას ითვალისწინებს.
ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის, „თიბისი უზბეკეთში“ EBRD და IFC 20-20%-იანი წილის მფლობელები გახდებიან, ხოლო „თიბისი ბანკის“ ჯგუფი 60%-იან წილს შეინარჩუნებს. პირველი შენატანის სახით, თითოეული ინსტიტუტი „თიბისი უზბეკეთში“ 9.4 მლნ დოლარს განახორციელებს. EBRD და IFC კაპიტალის რაოდენობის ზრდას ყოველწლიურად 2024 წლამდე გააგრძელებს.
"IFC-თან და EBRD-თან ჩვენ წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაქვს, ისინი მყარად დგანან ჩვენ გვერდით ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს შეთანხმება „თიბისი უზბეკეთის“ გაფართოების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რადგან ის საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი ზრდა ქვეყანაში და უზბეკეთის მოსახლეობას შევთავაზოთ ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო სპექტრი. ვფიქრობთ, რომ სრულად ციფრულად საბანკო პროდუქტების შეთავაზება უზბეკეთის ბაზრისთვის ახალია, რამაც თიბისი UZ-ის წარმატება განაპირობა”, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.
„თიბისი უზბეკეთში“ წილების შეძენის შესახებ განცხადებები საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმაც გააკეთეს.
„თიბისი უკვე მრავალი წელია ჩვენი ნდობით აღჭურვილი პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მის გაფართოებას უზბეკეთში, რითაც იზრდება კერძო კაპიტალის წილი საბანკო სექტორში, სადაც ჯერ კიდევ დომინირებს სახელმწიფო. ჩვენ მივესალმებით კონკურენციას და გვაქვს მოლოდინი, რომ ის ყველასთვის სასარგებლო იქნება“, - აცხადებს EBRD-ის დირექტორი უზბეკეთში ალკის დრაკინოსი.
"ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ პარტნიორობას „თიბისი ბანკის“ ჯგუფთან. IFC მხარს უჭერს „თიბისი ბანკის“ ძალისხმევას უზბეკეთის მასშტაბით ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული საბანკო მომსახურების გაფართოებაში. ამასთანავე, ეს ინვესტიცია თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან, რომ დავეხმაროთ უზბეკეთს, საბანკო ინდუსტრიაში კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდის გზით გაზარდოს კონკურენტუნარიანობა”, - ამბობს IFC- ს დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ვიბკე შლომერი.
ცნობისთვის: „თიბისი უზბეკეთი“ პირველი ციფრული ბანკია უზბეკეთში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ინოვაციური fintech პლატფორმის - Space-ის ბაზაზე შეიქმნა. დღეს ის უზბეკეთში 7 ახალი თაობის ფილიალით და მომხმარებელთან ურთიერთობის 34 პუნქტით სულ 12 რეგიონულ ქალაქშია წარმოდგენილი. „თიბისი UZ“ 630,000-ზე მეტ რეგისტრირებულ საცალო მომხმარებელს ინოვაციურ საბანკო პროდუქტებს სთავაზობს. უახლოეს მომავალში კი მცირე ბიზნესის სეგმენტზე გაფართოება იგეგმება.
მომხმარებლების ცხოვრების გამარტივების მიზნით, „თიბისიმ“ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სრულად ციფრული საბანკო მომსახურება ჯერ საქართველოში 2018 წელს შესთავაზა მომხმარებელს. 2020 წლიდან კი ამავე მომსახურებას უზბეკეთის 35-მილიონიან ბაზარს სთავაზობს.