თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, ბანკი ენერგეტიკის სექტორის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. ამის შესახებ ვახტანგ ბუცხრიკიძემ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ენერგეტიკის მიმოხილვის კერძო სექტორისთვის წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მან „თიბისი ბანკის“ მიერ დაფინანსებული ენერგოპროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარგში უცხოური ინვესტიციების მონაწილეობა ყოველთვის მაღალი იყო. ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, ეს ტრენდი მომავალშიც გაგრძელდება.
„ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და თიბისი ბანკი პირველი იყო, რომელმაც ამ სექტორის დაფინანსება დაიწყო. ჩვენ, დღეს ამ სექტორის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი ვართ. 41 ჰიდროელექტროსადგური ჩვენ მიერაა დაფინანსებული, აქედან ოპერირებაში 30 ჰესია, 11 კი ახლო მომავალში გაეშვება. ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 65% „თიბისი ბანკის“ პარტნიორებზე მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მიერ დაფინანსებული ჰიდროელექტროსადგურები დაახლოებით, 500 მგვტ-ის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.