ლოგისტიკური კომპანია "როიალ ექსპრესის” სამომავლო გეგმები საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას უკავშირდება. ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა რატი ჯიბუტმა ისაუბრა.
"ჩვენი სამომავლო გეგმები აუცილებლად უკავშირდება შუა დერეფანს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ წარმომადგენლობა გავხსნათ შუა დერეფანთან დაკავშირებულ ქვეყნებში, რათა უფრო მჭიდროდ და აქტიურად ვიყოთ ამ პროცესში ჩართული,"- აღნიშნა რატი ჯიბუტმა.
"როიალ ექსპრესის” დამფუძნებელმა კომპანიის საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი სერვისი მულტიმოდალურია.
"Royal Express-ი უკვე მე-6 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მოგეხსენებათ, თანამედროვე ლოგისტიკა აღარ არის ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე ტვირთის ტრანსპორტირება. თანამედროვე ლოგისტიკა მოიცავს და ფუნდამენტია, მე ვიტყოდი, ეკონომიკური საფუძვლების, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ბიზნესს, ბაზრებს თუ ქვეყნებს. შესაბამისად ჩვენც ვპასუხობთ ყველა ამ გამოწვევას. ჩვენი მომსახურება და სერვისი არის მულტიმოდალური, მაგალითად როგორიცაა საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო, ასევე საზღვაო გადაზიდვები. Royal Express-ი ამ დროის მანძილზე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და სტაბილურობიდან გამომდინარე, ბაზარზე ჩამოყალიბდა როგორც სანდო კომპანია.
ჩვენი ხედვა მარტივია, გარდა მაღალი დონის სერვისისა, აქცენტს ვაკეთებთ ღირებულების შექმნაზე, რაც გულისხმობს, რომ Royal Express-ი არის სტრატეგიული პარტნიორი ამ თუ იმ ბიზნესისა. ჩვენ მრავალ სფეროს და ინდუსტრიას მოვიცავთ, როგორებიცაა სამშენებლო, სამანქანო, ფარმაცევტული, აგრო თუ ასე შემდეგ.
სარკინიგზო გადაზიდვებმა დაახლოებით მეორე წელია, რაც აქტიურად გამოჩნდა ბაზარზე. დაახლოებით ამ დროის მანძილზე ჩვენ 30 000 ტონაზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მოვახდინეთ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ძირითადი მიმართულებები, ჩინეთიდან ასევე გამოვყოფდი როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო მიმართულებას, დსთ-სა და თურქეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვებს და აქტიურად ვმუშაობთ ასევე ევროპაზე, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო საწყობების მიმართულებით",- აცხადებს რატი ჯიბუტი.
მან შუა დერეფნის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა: "მთავარი საკითხი დღესდღეობით შუა დერეფნის მაინც გეოპოლიტიკურ დღის წესრიგზე გადის. ამ მიმართულებით არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა. პოტენციალის მხრივ თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა მოგეხსენებათ რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს შუა დერეფანს, რომ გადაიქცეს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ლოგისტიკურ ჰაბად. თუმცა, სამწუხაროდ, დღესდღეობით სხვა დერეფანი ასრულებს ამ მოვალეობას. ამ კომპლექსურ საკითხებზე თუ ვისაუბრებთ, ეს იქნება ინფრასტრუქტურული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა გზაგამტარ ქვეყანას სჭირდება ამ საკითხის აქტიურად მუშაობა. ასევე მე ვიტყოდი ინფორმაციის გაცვლა და მოქნილობა ამ ქვეყნებს შორის ძალიან ნაკლებად ხდება, ბევრ ბიუროკრატიულ საკითხთან არის დაკავშირებული. შუა დერეფნის ბენეფიტებად ჩვენ შეგვიძლია მოვიაზროთ ტრანზიტის სტაბილურობა, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის ქვეყნებთან ასე ვთქვათ უფრო ხელმისაწვდომობა",- აღნიშნა რატი ჯიბუტმა.




























