მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრავალმილიონიანი პროექტები აჭარაში, რომლებიც შეფერხებით მიმდინარეობს

64a7f59bf1899
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.23 15:38
561
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარაში გაჭიანურებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი მიმდინარეობა შეისწავლა. საუბარია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ბათუმის შემოვლითი მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 329 მილიონი ლარი ჯდება. ასევე გაჭიანურებულია ხულო-გოდერძის საუღელტეხილო გზის მშენებლობაც, რომლის ღირებულებაც 15 მილიონ ლარამდე ჯდებოდა. აღნიშნულ პროექტებში გაჭიანურების უმთავრეს მიზეზად კონტრაქტორების მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება სახელდება, რის გამოც არაერთ შემთხვევაში მათთან ხელშეკრულებები შეწყდა და პროექტის განსახორციელებლად ხელახალი ტენდერები გამოცხადდა. BMG ამ პროექტების მდგომარეობის და დასრულების თარიღების შესახებ კითხვით აჭარის მთავრობას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს. 

გაჭიანურებული პროექტები აჭარაში - TI

ბათუმის შემოვლითი გზა

ბათუმის შემოვლითი გზა ახალი ორზოლიანი მაგისტრალი უნდა იყოს ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე. მის სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის შემსრულებლად 2017 წელს თურქული კომპანია POLAT YOL & MAPA შეირჩა. სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი დღემდე გრძელდება.

2020 წელს სამუშაოების შეფერხების ოფიციალურ მიზეზად კოვიდ-19-ის პანდემია დაასახელეს. შემდეგ წლებში - შემსრულებელი კომპანიის ფინანსური პრობლემები, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე არსებული გამოწვევები მოგვარდა და სამშენებლო სამუშაოები განახლდა. პროექტის ჯამური ღირებულება 329 მილიონ ლარს აღემატება, დასრულების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

ხულო-გოდერძის უღელტეხილის საავტომობილო გზა

ხულო-გოდერძის უღელტეხილი ხულო-ზარზმის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენს და მის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „მამისონთან” 2020 წლის 9 ივნისს გაფორმდა. ტენდერის ჯამური ღირებულება 14,581,880 ლარს შეადგენდა. Მიმწოდებელს დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2021 წლის 12 დეკემბრამდე დაესრულებინა.

მიმწოდებლის მოთხოვნით პროექტში ცვლილებები შევიდა და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2022 წლის 15 ივნისი განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, „მამისონმა” მაინც არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულებები და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის 5 აგვისტოს ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული და ანაზღაურებული იყო 8,031,382 ლარის სამუშაოები, რაც მთლიანი სამუშაოების 55%-ია. მიმწოდებელს შესასრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილების და ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო დაერიცხა პირგასამტეხლო 220,186 ლარის ოდენობით.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის მარტში გამოაცხადა 30,000,000 ლარის ტენდერი, რომელიც აჭარასა და გურიაში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებთან ერთად, ითვალისწინებდა ხულო-გოდერძის გზის მონაკვეთის დარჩენილ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებსაც. კონკრეტულად ეს მონაკვეთი 2 წელიწადში უნდა დასრულებულიყო და საამისოდ გათვალისწინებული იყო 7,032,775 ლარი. ეს ტენდერი შპს NEW ROAD-მა უკონკურენტოდ მოიგო და ამ ეტაპზე 4,231,868 ლარის სამუშაოები შეასრულა.

დაბა ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა

აჭარის მთავრობის დაფუძნებულმა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ” (ყოფილი შპს „სტადიონი”) დაბა ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2020 წლის სექტემბერში გამოაცხადა ტენდერი, რომელიც შპს „საბა კონსტრაქშენმა” უკონკურენტოდ მოიგო. სამშენებლო სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 4,406,083 ლარი იყო. თავდაპირველად სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის 12 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში 8-ჯერ შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადად 2023 წლის 15 ივლისი განისაღვრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 3 აპრილს განაცხადეს, რომ ბაზის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდებოდა, მაგრამ დაპირება დღემდე შეუსრულებელია და სამუშაოების მხოლოდ 58% არის დასრულებული. აღსანიშნავია, რომ შპს „საბა კონსტრაქშენმა” აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე უკონკურენტოდ, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად მიიღო მანამდე არსებული ამორტიზებული ძალოსნობის ბაზის დემონტაჟის და დემონტაჟის შედეგად წარმოშობილი მეორადი სამშენებლო მასალების/ნარჩენების გამოყენების უფლება, რაზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წერდა.

ბათუმის ყინულის მოედანი და საცურაო აუზი

ბათუმის ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობის მიზნით „აჭარის პროექტების მართვის კომპანიიამ” 19,900,002 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წლის თებერვალში კანადურ კომპანია Westincor Limited-თან ტენდერის გარეშე გააფორმა. ხელშეკრულებით, სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები სრულყოფილად არ შეასრულა, შესაბამისად მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა.

„აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ” ყინულის არენის და საცურაო აუზის ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად, 2022 წლის 7 თებერვალს, 743,400 ლარის სავარაუდო ღირებულების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც შპს BWC-მ გაიმარჯვა და მასთან გაფორმდა 719,800 ლარის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით მიმწოდებელს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა 2022 წლის 2 ნოემბრამდე, რაც დღემდე არ შეუსრულებია. შესაბამისად, უცნობია, როდის აშენდება ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი.

ე.წ ოცნების ქალაქი

„ოცნების ქალაქში” მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 27 დეკემბერს გამოაცხადა 39,488,000 ლარის ტენდერი. იგი შპს დაგიმ 38,745,999 ლარად მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების ბოლო, მეოთხე ეტაპი 2021 წლის 14 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მას შემდეგ ხელშეკრულებაში 5-ჯერ შევიდა ცვლილება. ხელშეკრულების საბოლოო, 2022 წლის 13 აპრილის ცვლილებით, საერთო ღირებულება გაიზარდა 494,177 ლარით და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 8 ოქტომბერი. მიუხედავად ამისა, ამჟამად პროექტი მაინც არ დასრულებულა და შესრულებულია 33,970,090 ლარის სამუშაოები ანუ მთლიანი სამუშაოების 87%.

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება

მაღალმთიან აჭარაში გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის მაისში გამოაცხადა 33,797,000 ლარის ტენდერი. იგი შპს „ენერჯი ინვესტი 2009”-მ უკონკურენტოდ, 27,037,601 ლარად მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების ბოლო, მეოთხე ეტაპი 2021 წლის 11 ივნისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მას შემდეგ ხელშეკრულება 6-ჯერ შეიცვალა და ჯერ სამუშაოების მხოლოდ 77%-ია შესრულებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით 2022 წლისთვის აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული იყო 6,000,000 ლარი, რაც ვერ აითვისეს, შესრულდა მხოლოდ 3,161,300 ლარის სამუშაოები ანუ 2022 წლის გეგმის 53%. პროექტის შეუსრულებლობის მიზეზად ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დასახელდა. ხელშეკრულების საბოლოო, 2022 წლის 30 ნოემბრის რედაქციის თანახმად, პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის 2 აგვისტომდე უნდა დასრულდეს,"- ნათქვამია TI საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები