დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, დღეს ის არ არსებობს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ განაცხადა.
ის მიიჩნევს, რომ “მსგავსი სუსტი სამართლებრივი დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია".
"დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, დღეს ის არ არსებობს. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გადაეწყვიტა ქვეყნის არსებობა არ არსებობის საკითხი. მას ჰქონდა შესაძლებლობა შიშველი ძალაუფლება, რაღაცნაირად მოეთოკა და მოექცია კონსტიტუციის ფარგლებში. ძალიან ცუდია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ვერ არა, არ გაიგეს რა ეწერა სარჩელებში, არ/ვერ გაიგეს 100 ათასობით ადამიანის ხმა.
ისინი ვალდებულები იყვნენ, კონსტიტუციის არსებობის მიზნის გამართლებისთვის, დიდი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ ამ საკითხს და არა მხოლოდ წარმოებაში მიეღოთ, არამედ დაეკმაყოფილებინათ ორივე სარჩელი და გაებათილებინათ არჩევნების შედეგები.
ეს იყო ელემენტარული წესიერების საკითხი, დაგენახა ის, რაც მთელმა ქვეყანამ დაინახა და გყოფნოდა კეთილსინდისიერება და მინიმალური სითამამე, რომ დაგეწერა გადაწყვეტილებაში ის, რისი მოწმეც მთელი ქვეყანაა. მსგავსი სუსტი სამართლებრივი დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია“, - აღნიშნა ბრიფინგზე ერემაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილობაზე არ დააკმაყოფილა. მერაბ ტურავას სასამართლოთა კოლეგიამ სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო. განსხვავებული აზრი ჰქონდა ორ მოსამართლეს - გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს.