მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები არ არის საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში - სახალხო დამცველი საკონსტიტუციოს მიმართავს

ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რუსულ კანონთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს. 40-გევრდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში არასაჭიროა, ხოლო ამ კანონის მოქმედება სახელმწიფო ორგანოებს თვითნებურად მოქმედების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სტიგმატიზების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დოკუმენტში არაერთგან არის მოყვანილი ციტატები ვენეციის კომისიის მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნიდან, რომლითაც კომისიამ საქართველოს კანონის დაუყოვნებლივ უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილი დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი:

"მიგვაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას. არ წარმოადგენს დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, აჩენს კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას და არ აკმაყოფილებს „კანონის განსაზღვრულობის“ მოთხოვნებს. ამასთანავე, არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნების დაწესებით კი, მნიშვნელოვანი და გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი იქნება ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ შესაძლებლობას ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და პროპორციული დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნებისა,"- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები