მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ალტერნატივა აქვს პრეზიდენტის ვეტოს, თუ პარლამენტი მას დაძლევს? - კონსტიტუციონალისტის განმარტება

კონსტიტუციონალისტი

"რუსული კანონი" მესამე მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. კანონპროექტი ხელის მოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება, რომელსაც, 10 დღის ვადაში, მოტივირებული შენიშვნების სახით, მასზე “ვეტოს” გამოყენების უფლება აქვს. რა ძალა აქვს პრეზიდენტის ვეტოს და რა ბერკეტები არსებობს, თუკი პარლამენტი მის დაძლევას შეძლებს - ამ საკითხებზე “ანალიტიკას” ეთერში კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია საუბრობს.

ჩოკორაია განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს საშუალება, მოტივირებული შენიშვნების სახით კანონში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანოს და მაგალითად, განსაზღვროს ის კონკრეტული ქვეყნები, საიდანაც მიღებული დაფინანსება ორგანიზაციებს “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად” აქცევთ.

“პრეზიდენტი საუბრობს, რომ ის კოსმეტიკური ცვლილებების და კანონის გალამაზების მიმართულებით ნაბიჯებს არ გადადგამს და კანონში რომელიმე კონკრეტული მუხლის რომელიმე ქვეპუნქტის დეტალურ განხილვებში არ შევა. ასეთ სიტუაციაში შესაძლო ვარიანტად კანონპროექტში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა რჩება.

ვეტოს შემთხვევაში ზურაბიშვილს აქვს საშუალება, რომ თავიდან ჩამოაყალიბოს კანონპროექტი. მაგალითად, ვიცით, კანონის ფუნდამენტური საკითხია, რომ ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხო ქვეყნიდან მიიღებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ხდება. შესაძლოა, დაკონკრეტდეს, რომ ეს ქვეყნებია ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთი ან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ”, - განმარტავს ჩოკორაია.

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ ვეტოს მიღება მმართველი პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

“არსებობს ტექნიკური საშუალებაც, რომ საერთოდ სულ რაღაც ორ მუხლზე დავიდეს კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს და ის მთავარი საფუძვლები - რომლებიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმეორებს იმას, რასაც რუსეთი 2012 წლიდან აკეთებს - საერთოდ ამოიღოს. თუმცა არ შეიძლება, სამართლის და პოლიტიკის ასე გამიჯვნა ერთმანეთისგან: “ქართული ოცნებისგან” პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მისაღები, გაითვალისწინებს პრეზიდენტის ვეტოს თუ დაძლევს მას”, - განმარტავს ის.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, კანონის გაუქმების კიდევ ერთი ბერკეტი კონსტიტუციური სასამართლოა. როგორც ჩიკორაია განმარტავს, მისი გასაჩივრება როგორც მოქალაქეებსა და სახალხო დამცველს, ასევე პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრთა ⅕-ს შეეძლება.

“მას შემდეგ, რაც კანონპროექტი კანონად იქცევა, შესაძლებლობა იქმნება, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მიმართულებით გასაჩივრდეს. მაგალითად, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების ნაწილში. თავისთავად, მოქალაქეებს, სახალხო დამცველს, პრეზიდენტს თუ პარლამენტის წევრთა ⅕-ს აქვთ უფლება, კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმის დარღვევისთვის გაასაჩივრონ ის, ერთად თუ ცალ-ცალკე.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იმაზე ფიქრი, რა შედეგს მოგვიტანს ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, მყისიერად შეაჩეროს კანონის მოქმედება, ვიცით, რომ ჩვენ ამის ფუფუნება და პრაქტიკა არ გვაქვს. ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს”, - აცხადებს კოტე ჩოკორაია.

ჩოკორაია ასევე აღნიშნავს, რომ ამ ალტერნატივის შემთხვევაში პრობლემაა საქმეების განხილვის ვადებიც. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვემდე ვადა აქვს კონკრეტული საქმის განსახილველად, თუმცა ხშირად ხდება, რომ ის წლობით იწელება: “ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კანონი იმ მიზანს მიაღწევს, რასაც იგი ითვალისწინებს”.

კონსტიტუციონალისტი ასევე აღნიშნავს, რომ კანონის გაუქმების პროცესში პოლიტიკური ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია - პარლამენტს აქვს უფლება, თავად გააუქმოს ის.

“მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორიც - ერთ-ერთი გზა, თუ კანონი დამტკიცდა და პრეზიდენტის ვეტო ვერ დაიძლია, მაგრამ გამოჩნდა სურვილი ხელისუფლების მხრიდან, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას, არსებობს პარლამენტის მიერ კანონის გაუქმების

შესაძლებლობაც. ამისთვის სულ 1 კვირა დასჭირდებათ, თუ პოლიტიკური ნება იქნება”, - განმარტავს კოტე ჩოკორაია.

რუსული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 14 მაისს, 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტი დასამტკიცებლად უკვე გაგზავნილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელსაც იგი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს და მოტივირებულ შენიშვნებად პირდაპირ ვენეციის კომისიის შენიშვნებს გამოიყენებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში მოითხოვს ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნებიდანაა მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები