საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ევროინტეგრაციაზე ფრანგულ მედიაში საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს ყველა ჯერზე, როდესაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შინაარსი ან ტექსტი ევროპული საბჭოს რეკომენდაციასთან წინააღმდეგობაში მოვა.
TV5 Monde-სთან პრეზიდენტის ინტერვიუს ქართულ თარგმანს ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ჩვენ გასული წლის 15 დეკემბერს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის მიერ აღინიშნა როგორც დიდი გამარჯვება, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები წლის ბოლოს. მოსახლეობა ითხოვს, რომ არავინ, განსაკუთრებით მთავრობამ, რომელიც სხვა ინტერესებს ემსახურება, არ შეძლოს ამ მოლაპარაკებების გახსნისთვის ხელის შეშლა, რადგან ისინი იღებენ კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს.
მე უკვე 5 ვეტოს უფლება გამოვიყენე და მალე მეექვსედ გამოვიყენებ ვეტოს, რადგან მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებ ყოველ ჯერზე როდესაც კანონის შინაარსი ან ტექსტი შეეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად”, - აცხადებს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან რუსული კანონის შინაარსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პუტინის მიერ მიღებული კანონის ასლია.
“რუსულ კანონს, ეს არა პრორუსული არამედ რუსული კანონია. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ, საბოლოოდ შეებოჭათ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელი შეეშალათ მათი საქმიანობისთვის და, ასევე, მედიისათვის. აქ ჩვენ ამის ასლი გვაქვს. ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ეს კანონი ეწინააღმდეგება ყველას, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, დემოკრატიზაციისათვის და არის მიმართული ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე, 17 აპრილს, პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუშიც განაცხადა, რომ იგი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, და ეს იქნება ხალხის ხმის ნათლად და ხმამაღლა გაჟღერება.
პარლამენტმა რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს მიიღო. მესამე მოსმენა, სავარაუდოდ, 17 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც მხარდაჭერილი კანონპროექტი ხელის მოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება.