პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აღნიშნავს, რომ რუსული კანონის განხილვის პერიოდში, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მთავრობასთან შინაარსობრივ დისკუსიაში არ შესულან და პრეზიდენტის მიერ ვეტოზე უარის თქმა, ამისათვის კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი იქნება. ამის შესახებ პაპუაშვილმა პლენარული სხდომის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა.
“ორი თვეა, ჩვენ ამ პროექტს განვიხილავთ და ეს დრო გაშვებული შანსი იყო, როგორც ოპოზიციისთვის, ისე არასამთავრობო სექტორისთვის, დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში შემოსულიყვნენ. სამწუხაროდ, ზოგიერთმა აქტორმა აირჩია იარლიყის მიწებების გზა.
რაც შეეხება ვეტოს საკითხს, ესეც კიდევ ერთი შანსია, რომ თუკი ვინმეს შეუძლია, აქვს არგუმენტი და თავს ძლიერად გრძნობს შინაარსში, შემოვიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში. ამიტომ, ვეტოსთან დაკავშირებით უარის თქმა, რომ ეს მექანიზმად იყოს გამოყენებული შინაარსობრივი მსჯელობისთვის, იქნებოდა კიდევ ერთხელ ხელიდან გაშვებული შანსი დემოკრატიული მსჯელობისთვის და იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ ზოგიერთ ჯგუფს და აქტორს, სინამდვილეში პრობლემა კანონთან კი არ აქვთ, არამედ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობასთან”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რუსული კანონის III მოსმენით მიღების შემდეგ აღნიშნა, რომ იგი კანონპროექტზე ვეტოს დადებით მოლაპარაკებებში არ შევა, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის “ვეტო” პარლამენტის მიერ მიღებული კანონის “მოტივირებული შენიშვნებით” უკან დაბრუნებას მოიაზრებს. “მოტივირებული შენიშვნა” კი შეიძლება ნიშნავდეს როგორც ცალკეული დებულების შეცვლა/ჩანაცვლებას, ასევე მის სრულად ამოღებას.