მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მსგავსი ტიპის მეთოდოლოგია ევროპის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს“ – PSP რეფერენტულ ფასებზე

PSP

ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და იმ მედიკამენტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, ხოლო აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, სამინისტროს მტკიცებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000, 2000 და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს; ხოლო ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.
„ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ამ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა PSP-ემ. ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა არაზუსტი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა – ეს არის ბაზარზე დღეს მოქმედი ერთ–ერთი მსხვილი მოთამაშის მთავარი გზავნილი. „დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. „დიდი ფარმაცევტული ქსელების“ მომწოდებლები არიან. 2023 წლის დასაწყისიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია ჩართულია სავალდებულო ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს მედიკამენტის იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა ტრანზაქციაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და თავისი განცხადებით პირდაპირ ადანაშაულებს „დიდ ფარმაცევტულ ქსელებს“ არაჯანსაღ კონკურენციასა და კარტელურ გარიგებაში“, – აღნიშნავს PSP კომპანიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

პე–ეს–პე თავის განცხადებას თან ურთავს თავის ქსელში არსებული მედიკამენტების შესასყიდ და გასაყიდ ფასებს.„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი(დიოვანი) არის PSP-ს მიერ იმპორტირებული; ყველა დანარჩენს შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. დიოვანის ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა 29%-ს არ აღემატება; რეფერენტული ფასების აუცილებლობაზე PSP-ს მხრიდან წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა განცხადება გაკეთებული და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულის აუცილებლობას. გარდა იმისა, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას მომწოდებლებისგან მივიღოთ უფრო დაბალი შესასყიდი ფასი, ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტროს მოუსპობს შესაძლებლობას გაავრცელოს არაზუსტი ინფორმაციები“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.


რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიის ხარვეზებზე ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ში ყურადღება გაამახვილა პე–ეს–პე–ს ქსელის დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ.


- რამდენად ნორმალურია სულ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა და რამდენად რგებს ეს ბიზნესის წარმოების პროცესს?

ბრალდებების რეჟიმში სამუშაო პროცესის წარმართვა არ არის შედეგიანი და არ არის მიმართული დარგის განვითარებისკენ. შესაბამისად, ეს აზიანებს ბიზნესს, ასევე მარეგულირებლის იმიჯს, როდესაც ხდება მსგავსი შინაარსის არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. ამიტომ მივიჩნიეთ მნიშვნელოვნად საპასუხო განცხადების გაკეთება და მზად ვართ, ღია ვართ ნებისმიერ დროს გავასაჯაროოთ ჩვენი დოკუმენტაცია, რადგან ჩვენი კომპანია მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით და საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამის შესახებ იცოდეს საზოგადოებამ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნახსენებია რეფერენტული ფასების დადგენის აუცილებლობა. ამ აუცილებლობაზე ჩვენ ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვსაუბრობდით – ვამბობდით, რომ აუცილებელია დარგი გადავიდეს რეფერენტული ფასების დადგენის პოლიტიკისკენ და ეს პრინციპები დაინერგოს. ჩვენმა ინიციატივამ 5 წლის დაგვიანებით ჰპოვა ასახვა და უკვე წელს დაიწყო ამის რეგულირება.

მე ახლა არ ვსაუბრობ მეთოდოლოგიაზე, რომელიც არჩეული აქვს სამინისტროს. არ ვსაუბრობ ამ მეთოდოლოგიაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე. თუმცა, თავად პრინციპი, რომ რეფერენტული ფასები უნდა იყოს დადგენილი, სწორი პრინციპია. რეფერენტული ფასები კარგი ბერკეტია თვითონ დარგში მომუშავე კომპანიებისთვის, რომ მომწოდებლებთან ჰქონდეთ კომუნიკაცია და მედიკამენტის უფრო გაიაფება.

შესაბამისად, ეს კარგი ბერკეტია მოსახლეობისთვის, კომპანიებისთვის და თავად სახელმწიფოსთვის.

- რეალურად, პრაქტიკაში, უკვე ის მეთოდოლოგია მუშაობს და ის ხარვეზები მეთოდოლოგიაში, რაზეც არა მხოლოდ პე–ეს–პე, არამედ უფრო ფართოდ თქვენი სექტორი მიუთითებს – სანამ ეს მეთოდოლოგია იქნება, რამდენად გადაზღვეულია ბაზარი ამ ტიპის კომუნიკაციისგან?

ცხადია, ეს მუშაობისთვის და განვითარებისთვის ძალიან დიდი დაბრკოლებაა. კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობა არის იმის საწინდარი, რომ დარგი განვითარდება და ყველა პროცესი სწორად წარიმართება. ამის ნაწილია ისიც, რომ მეთოდოლოგია, რომელიც დღეს არის, მეტი კომუნიკაციის შემთხვევაში, ბიზნესის მეტი ჩართულობის შემთხვევაში, მეტი კონსულტაციის და ფიქრის შემთხვევაში, მეტად დაიხვეწება და ის ბუნდოვანება არ გვექნება, რაც თან ახლავს რეფერენტულ ფასწარმოქმნას და არც ის სისტემური ხარვეზები, რაც მიმდინარედ გააჩნია ამ სისტემას. ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ ამას ღიად. ვსაუბრობთ, რომ ეს მეთოდოლოგია დასახვეწია, შესაცვლელია რაღაც ნაწილში. სისტემური ხარვეზები და ბუნდოვანება, რაც თან ახლავს ამ მეთოდოლოგიას, აუცილებლად მოგვარდება კომუნიკაციით.

რას მიიჩნევს პე–ეს–პე ყველაზე ფუნდამენტურ ხარვეზად – საიდან უნდა დაიწყოს სისტემური ხარვეზების გასწორება?

არსებული მეთოდოლოგია, რაც დღეს შემოთავაზებული აქვს სახელმწიფოს, მსგავსი ტიპის მეთოდოლოგია არ მოქმედებს ევროპის არცერთ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს უნიკალური მეთოდოლოგია საქართველოსთვის შემუშავებული , რომელიც ჯერჯერობით არ ვიცით, რა შედეგებზე გაგვიყვანს. მიმდინარე შედეგები და ხარვეზები გვაფიქრებინებს, რომ სამომავლო შედეგებიც შესაბამისად, ხარვეზიანი იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, RIA – რაც თქვენ ახსენეთ გადაცემაში – მსგავს შემთხვევებში აუცილებელია, რომ ჩატარდეს. სამწუხაროდ, აღნიშნული გარემოს რეგულირების შეფასება არ კეთდება, რა დროსაც გათვალისწინებული იქნებოდა პრაქტიკები იგივე ევროპული ქვეყნებიდან – იმ ქვეყნების მაგალითებზე, რომლებიც უკვე ჩართულები არიან მსგავს სისტემაში. ამის შედეგად ჩვენ მივიღებდით უკვე აპრობირებულ საუკეთესო მეთოდოლოგიას და ის ხარვეზები თავიდანვე გვექნებოდა გამორიცხული, რაც შესაძლოა, დამდგარიყო უკვე ამ პრინციპების დაცვით. ამიტომ ვფიქრობთ, ამაზე უფრო მეტი მუშაობა და ჩართულობაა საჭირო. საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რეფერენტული ფასების დადგენისთვის აუცილებელია წინაპირობა, რომელიც აქვს ევროკავშირის ყველა ქვეყანას – და არის ძალიან მარტივი: პირველი – მედიკამენტი, რომელიც ინიშნება რეცეპტით, იმაზე უნდა გავრცელდეს რეფერენტული ფასების მეთოდოლოგია და მეორე – იმავე მედიკამენტზე უნდა ჰქონდეს სახელმწიფო პოლიტიკა შემუშავებული, თუ რა სახის დაფინანსებები, როგორი პრინციპები გავრცელდება ამ კონკრეტულ პოზიციებზე. ამის გარეშე ამ მეთოდოლოგიაზე საუბარი – რა თქმა უნდა, შეუძლებელია და მხოლოდ ის, რომ ფასი დავადგინეთ რაღაც მედიკამენტზე – გრძელ ვადაში აუცილებლად ხარვეზებამდე მიგვიყვანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები