მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება

641c77ed51b07
BM.GE
23.03.23 19:55
959
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. 

"ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული. ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილის თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები ანუ თვითღირებულება.

მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად.

კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება.

სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო 7 მედიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება", - წერია PSP- ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება.

სამინისტროს ცნობით, ამჯერად საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები