მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის 14 წელი - რა ეტაპზეა „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა?

634d82797eeae
ნინო ტაბატაძე
17.10.22 13:00
324
„მარაბდა - კარწახის რკინიგზამ“, რომელიც „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის” საქართველოს მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, 2021 წელი 123 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. მიზეზი კურსთაშორის სხვაობით მიღებული მოგებაა, რამაც გასულ წელს 164.2 მლნ ლარი შეადგინა.

ამ კომპანიის ძირითადი საქმიანობა პირდაპირი სარკინიგზო ხაზის გაყვანაა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანისა და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ოფიციალურად 2008 წელს დაიწყო, 2021 წლის ბოლოსთვის სამუშაოების მხოლოდ 85%-ი იყო დასრულებული. კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში სამუშაოების შესრულების პროგრესი ნელი იყო და ბოლო 1 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების წილი 80%-დან მხოლოდ 85%-მდე გაიზარდა.

პროექტის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა, ძირითადად რამდენიმე მიზეზის გამო, კერძოდ, ეს არის კლიმატური პირობები, რთული რელიეფი, მყარი ნიადაგი და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები. დასრულების თარიღად 2022 წლის ბოლო სახელდება, თუმცა არც კიდევ ერთხელ გადავადებაა გამორიცხული.

„მარაბდა-კარწახის რკინიგზას“ ეკრძალება კომერციული საქმიანობა და ვერც შემოსავალს იღებს, ამიტომაც ძირითადად, ზარალის აკუმულირებას ახდენს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯამური ზარალი 1,191,980 000 ლარია, რაც ძირითადად გამოწვეულია 2007 წლიდან დაგროვილი საკურსო სხვაობით.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის“ საქართველოს მონაკვეთი აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოყოფილი კრედიტით შენდება. საკრედიტო ხაზი 775 მლნ. აშშ დოლარია. საკრედიტო ხაზი იყოფა ორ ნაწილად: 1) 200 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით ტრანში „ა“ 1%-იანი განაკვეთით და 575 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ტრანში „ბ“ 5%-იანი განაკვეთით. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ასათვისებელი დარჩა 41,355 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი რესურსი.

რა ეტაპზეა შესრულებული სამუშაოები?

2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემები:

• მარაბდა-თეთრიწყაროს მონაკვეთი - 92.5% ( პროგრესი გასულ წელთან შედარებით + 0.0 პროცენტული პუნქტი);
• თეთრიწყარო-წალკის მონაკვეთი - 89.6% (+1.1 პ.პ);
• წალკა-ახალქალაქის მონაკვეთი - 89.5% (+2.3 პ.პ);
• ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთი - 81.9% (+7.3 პ.პ);
• ახალქალაქის სადგური - 71.1% (+7.2 პ.პ);
• ახალქალაქის ვაგზლის მშენებლობა - 99.8% (+0.0 პ.პ);
• საპროექტო სამუშაოები - 100.0% (+0.0 პ.პ).

აღსანიშნავია, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით“ ტვირთების გადაზიდვა სატესტო რეჟიმში ხორციელდება, გამონაკლისია ნავთობი და ნავთობპროდუქტები. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ამ სარკინიგზო ხაზით 11 112 TEU კონტეინერის გადაზიდვა მოხდა, რაც წლიურად 27%-იან ზრდას აჩვენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები