მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია“ ავარიული სახლების ჩანაცვლების დადგენილების ჩასწორებას ითხოვს

63e4c1095ea9b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.23 14:01
1300
ავარიული შენობების ჩანაცვლების წესში 27 იანვრის დადგენილებით შესული ცვლილების მიხედვით მერია უფლებამოსილი ხდება, ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე განიხილოს. დადგენილებაში შესულ ცვლილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია“ თბილისის საკრებულოს მიმართავს და ავარიული სახლების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით 2023 წლის 27 იანვარს მიღებული დადგენილების ჩასწორებას ითხოვს.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ დადგენილებით ავარიული სახლების ჩანაცვლება მესაკუთრეების სრული თანხმობის გარეშე მოხდება, მესაკუთრეების თანხმობის გარეშე უძრავი ქონების ჩანაცვლება კი შეუძლებელია.

„საკრებულოს მიერ 2023 წლის 27 იანვარს მიღებული კონკრეტული დადგენილება, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების საკითხთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს. კონკრეტულად კი მეხუთე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც პირდაპირ და ცალსახად მითითებულია, რომ მესაკუთრეების თანხმობის გარეშე შესაძლებელია უძრავი ქონების ჩანაცვლება. ჩვენ პრობლემა საკუთრების უფლების ჭრილში დავინახეთ. მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, აუცილებელია მესაკუთრეების თანხმობა არსებობდეს, მათთან აუდიენცია და შეთანხმება შედგეს“, - აღნიშნავს „მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი მათიაშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ აქამდე პროცესების დასაწყებად ავარიული სახლის მაცხოვრებლების, სრული შემადგენლობის თანხმობა იყო საჭირო, რაც პროცესს აჭიანურებდა. ცვლილებებით კი იმისთვის, რომ ალტერნატიულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაიწყოს 100%-იანი ერთსულოვნება საჭირო აღარ იქნება.

ცნობისთვის, კახა კალაძემ 8 თებერვლის მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ ახალი ჩანაწერი არასწორად არის აღქმული და თქვა, რომ ცვლილება იმ შემთხვევას ეხება, როდესაც მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას არა იმავე ტერიტორიაზე, არამედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის სხვა ნაკვეთზე მოხდება. მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც პროცესის დასასრულებლად მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა იქნება საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები