თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში დაგეგმილ ახალ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობის შესაძლებლობას, მმართველი გუნდის მიერ გატარებულ „მშვიდობის პოლიტიკას“ უკავშირებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა და ინვესტორების ინტერესი პირდაპირკავშირშია ქვეყანაში არსებულ სტაბილურობასთან.
კახა კალაძის განმარტებით, საქართველო ინვესტიციებისა და საგადასახადო გარემოს თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო გამოცემებიც ადასტურებენ.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები და ამ ტიპის პროექტების განხორციელება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ყველა კომპონენტში საინტერესო ქვეყანაა“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას, რომელიც პროექტით არის დაინტერესებული და პირობა დადო, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ბიზნესს. მისივე თქმით, პროექტის დეტალური პრეზენტაცია მას შემდეგ გაიმართება, რაც ოფიციალური წინადადება იქნება წარმოდგენილი.
„ზოგადად ძალიან მიხარია. ამასთან დაკავშირებით, გუშინ ვკითხულობდი, რომ ქართული წარმოშობის ებრაელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ფესვები საქართველოში აქვს, დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით. მან ძალიან თბილად ისაუბრა საქართველოს შესახებ. მიხარია, რომ ეს ოჯახი ინვესტიციების თვალსაზრისით შემოდის საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დონალდ ტრამპის კომპანიის მიერ თბილისში 70-სართულიანი ფეშენებელური ცათამბჯენის მშენებლობის პროექტის შესახებ The Trump Organization-ის ოფიციალურ გვერდზეც დაწერეს. მათი ინფორმაციით, თბილისში Trump Tower-ის პროექტი Biograpi Living-ის, „არქი ჯგუფის“, The Sapir Organization-ის, Blox Group-ისა და Finvest Georgia-ს თანამშრომლობით ხორციელდება.
შეგახსენებთ, Trump Organization-მა 2012 წელს გამოაცხადა უძრავი ქონების პროექტის გეგმების შესახებ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში [მაშინ, ტრამპი საქართველოსაც სტუმრობდა]. თუმცა, როგორც WSJ წერს, კომპანიამ ამ პროექტზე უარი თქვა, სხვა მრავალ უცხოურ გარიგებასთან ერთად, - რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის თავიდან აცილება.




























