მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშვიდობა ხელის ერთ გაწვდენაზეა - დონალდ ტრამპი

თეთრი სახლი
BM. GE
19.08.25 00:15
346

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის დახურული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

NATO-სა და ევროპის ლიდერებმა, ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და შემდგომ პრეზიდენტის რეზიდენციის დიდ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც საერთო პრესკონფერენცია დაიწყო.

დონალდ ტრამპმა საუბარი პუტინთან განხორციელებული სატელეფონო ზარით დაიწყო და აღნიშნა, რომ უახლოეს საათებში რუსეთის ლიდერთან კიდევ ერთხელ დარეკავს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბრის მიზანი ამერიკა-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობაზე საუბარი იყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მიაღწია თუ არა შედეგს.

ტრამპმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ზელენსკისა და პუტინთან საუბრის შემდეგ მშვიდობის დამყარების შესაძლებლობაში კიდევ უფრო დარწმუნდა. “მშვიდობა ერთი ხელის გაწვდენაზეა.” - თქვა მან.

ამერიკის პრეზიდენტი მიესალმა რუსეთის ლიდერის თანხმობას, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. ამ თემაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ევროპას დაეკისრება, თუმცა უკრაინას მხარდაჭერის გარეშე არც ამერიკა დატოვებს.

დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დონალდ ტრამპისა და ზელენსკის მიერ ტყვეების გაცვლაზე განმეორებითმა საუბარმა გამოიწვია. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრას ფაქტობრივად, არაფერი უდგას წინ.

დაახლოებით იგივე პოზიცია გააჟღერა ზელენსკიმაც, რომელმაც არ გამორიცხა, რომ თუ სამმხრივი შეხვედრა ჩაინიშნება, ყველაზე მარტივად ტყვეების გაცვლის საკითხი დალაგდება.

აღსანიშნავია, რომ თავად ზელენსკი ტრამპთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ დადებითი განწყობით საუბრობდა. მან შტატების ლიდერთან საუბარი “კონსტრუქციულად და სპეციფიკურად” შეაფასა. უკრაინის პრეზიდენტმა სამმხრივი შეხვედრისთვის სრული მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამის შემდეგ სიტყვა NATO-სა და ევროპის ლიდერებს გადაეცათ. ევროკომისიის პრეზიდენტმა სამართლიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასაწყისში სამხრეთ უკრაინიდან გატაცებული არასრულწლოვნები ქვეყანაში აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ, ევროპელები აქ ვართ, როგორც მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვქონდა ნატო-ს ფანტასტიკური სამიტი, ახლა აქ ვართ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის, მკვლელობების შეჩერებისთვის. ეს ნამდვილად ჩვენი საერთო ინტერესია, რომ შევაჩეროთ მკვლელობები. ძალიან კარგია იმის მოსმენა, რომ ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ ახსენეთ ათასობით უკრაინელი ბავშვი, რომლებიც გაიტაცეს. ყველა ბავშვი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ ბავშვები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ტრამპს ვითარების ჩიხიდან გამოყვანისთვის გადაუხადა მადლობა. სტარმერმა, მერცმა და მაკრონმა კი ყურადღება მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

„ვფიქრობ, შეგვიძლია დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გამორჩეული იყო იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის პოზიცია, რომელმაც უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალია ამ პროცესში მონაწილეობისთვის მზადაა.

ვიდრე მედიისთვის კარი დაიხურებოდა, დამსწრე ლიდერებს სიტყვით ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმაც მიმართა. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ 9 ლიდერის შეხვედრაში ფინეთის მონაწილეობის მიზეზი ის ისტორიული გამოცდილებაა, რომელიც ქვეყანამ მე-20 საუკუნეში მიიღო. სტუბმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინისთვის მსგავსი მომენტი დგას.

დასასრულს, ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე ომის ბედი ორ, მაქსიმუმ სამ კვირაში გადაწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები