აგროკომპანია Green Solutions-ის მფლობელის რომან ჩხენკელის აზრით, სოფლის მეურნეობა რომ წარმატებულ ბიზნესად იქცეს, საჭიროა, მსხვილი ბიზნესის წახალისება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს უკუგების შედარებით ხანგრძლივი პერიოდი აქვს, ბიზნესის დაინტერესება ნაკლებია. ამასთან, რომან ჩხენკელი ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობით მსხვილი ბიზნესის დაინტერესებისთვის მხოლოდ სახელმწიფო პროგრამები, რომელთა ბენეფიციარი Green Solutions-იც არის, საკმარისი არ არის.
- ჩემი აზრით, ჩვენ თუ გვინდა, მივიღოთ ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა, მსხვილი ბიზნესი უფრო უნდა წავახალისოთ. პირობითად, ჩვენი მეღვინეობა რომ შევადაროთ ღვინის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს - ჯერ გლობალურ რუკაზეც არ ჩანს, რომ მეღვინეობის ქვეყანა ვართ, რადგან წარმოების მასშტაბი ძალიან პატარაა. ჩემი პროგნოზით, რომელიც გარკვეულ გათვლებს ეფუძნება, თუ სწორად განვავითარეთ სოფლის მეურნეობა, შეგვიძლია, რამდენიმე მილიარდის შემოსავალი მივიღოთ ამ დარგისგან. მაგალითად: ახალ ზელანდიას მილიარდი დოლარის აქვს ღვინის ექსპორტისგან, ასევე, კივის ექსპორტისგან და ა.შ.
- საქართველო როგორ შეძლებს სოფლის მეურნეობისგან მეტი შემოსავლის მიღებას?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ თუ არ მივეცით სტიმული მსხვილ ბიზნესს, რომ დიდი პროექტები გააკეთონ, სოფლის მეურნეობა წარმატებულ ბიზნესად ვერ გადაიქცევა. ვამბობთ ხოლმე, რომ სოფლის მეურნეობაში არიან გლეხები, მაგრამ გლეხის თემა არაა ბიზნესი; გლეხი არის შინამეურნეობა. ფერმერიც არაა ბიზნესმენი - მცირე ფერმერული მეურნეობები ამინდს ვერ ქმნიან. მაგალითად, მე თუ პირობითად, 7 ჰა-მდე მსხლის და ვაშლის საუკეთესო ბაღი მაქვს და უცხოელ პარტნიორს კონტრაქტზე ვესაუბრები, იქვეა სერბი ბიზნესმენი, რომელსაც 500 ჰა-ზე აქვს ბაღები და სულ სხვა მასშტაბზე ესაუბრება...
- ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მთავრობისთვის სოფლის მეურნეობა არაა პრიორიტეტი - არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანი სწორედ დარგის მხარდაჭერაა; მათ შორის არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა... კიდევ რა სახის სტიმულებია საჭირო? მაინც ნაკლებია ინტერესი მსხვილი ბიზნესის?
- არ ინტერესდებიან... ისინი გრძელ ფულს მაინც უფრთხლდებიან ანუ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციას როცა ახორციელებ, ის ამონაგებს 4-5 წლის შემდეგ იძლევა და თან, ყოველწლიურად კიდევ დამატებითი თანხა უნდა ჩადო...
- ამიტომ არ ინტერესდება მსხვილი ბიზნესი?
- დიახ, მე ასე მგონია... იტალიის თუ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ფერმერებს კოოპერაცია და ამ გზით გამსხვილება ნაკლებად გამოსდით, ამიტომ სოფლის მეურნეობა რომ ბიზნესად იქცეს და ეკონომიკაში რეალური წვლილი შეიტანოს, ვისაც ფული აქვს, ის უნდა დავაინტერესოთ ამ სფეროში ინვესტირებით. მაგალითად, პირობითად, თუ ვინმე ბიზნესმენი არანაკლებ 100 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს სოფლის მეურნეობაში, მაგრამ არ უნდა, რომ სესხი აიღოს, წავახალისოთ და თავის ფულს რასაც ჩადებს, 15% ქეშბექი მივცეთ და ა.შ.. განვითარებული სოფლის მეურნეობა არაა მხოლოდ ერთი დარგი, ის სხვადასხვა, დაკავშირებული სფეროს მთელ ჯაჭვს მოიცავს. მაგალითად, მეხილეობა რომ ავიღოთ - ხილის ბაღები, გადამუშავება, შეფუთვა, დისტრიბუცია, ექსპორტი - ჯამში, კოლოსალური მულტიპლიკაციური ეფექტი აქვს.
- ვიდრე აგრობიზნესში წახვიდოდით, თქვენ მუშაობდით საქართველოს მთავრობაში - იყავით პრემიერის ეკონომიკური თანაშემწე; სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები რომ არა, აგრობიზნესს არ დაიწყებდით?
- ეს პრაქტიკა საქართველოში არ დანერგილა. არც „აწარმოე საქართველოში“ და არც სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები. მე თავიდან ყველაფერში ვიყავი ჩართული და ლოგოც რომ ნახოთ, „აწარმოე საქართველო“ და აწარმოე ინდოეთი“, ჩათვალეთ, ერთი და იგივეა. ეს პრაქტიკა არის... რაღაც ახლის დაწყება რომ გინდა, სტიმული უნდა მისცე... დიახ, ჩვენმა კომპანიამაც გამოიყენა სახელმწიფო პროგრამის რამდენიმე კომპონენტი - ტექნიკის თანადაფინანსება, „დანერგე მომავალი“... ყველას მოვუწოდებ, რომ იმ სიკეთით, რაც ამ პროგრამებს მოაქვს, ისარგებლონ და გონივრულად გამოიყენონ. ეს არის ხალხის ფული.
- გადასახადების გადამხდელების ფული რადგან არის, ამიტომაც მნიშვნელოვანია, მისი ეფექტიანად ხარჯვა...
- დიახ, მეც უფრო მკაცრად მოვითხოვდი, ეს ფული ეფექტიანად დაიხარჯოს, მაგალითად, ხარისხიან ნერგებზე - ჩვენ თავიდან სულ თურქული ნერგები ჩამოგვქონდა, რაც დაავადებული იყო და 2-3 წელიწადში ბაღები ნადგურდებოდა... შემდეგ უკვე აიკრძალა, შეზღუდვები დაწესდა სანერგეებზე, ქვეყნებზე, რომელიც არასანდოდ ჩაითვალა...
- შეჯამება: რა სჭირდება საქართველოს სოფლის მეურნეობას განვითარებისთვის?
- სწორი სტიმულები უნდა მივცეთ მსხვილ ბიზნესს, რათა დიდი ინვესტიციები ჩადონ სოფლის მეურნეობაში და ორიენტაცია ჰქონდეთ განვითარებულ ბაზრებზე - განსაკუთრებით ევროკავშირის და გალფის ქვეყნებზე.