აგროკომპანია Green Solutions-ის მფლობელის, პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწის რომან ჩხენკელის აზრით, „საქართველოსთვის ევროკავშირს ალტერნატივა არ აქვს“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას „რუსულ კანონზე“ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. რომან ჩხენკელმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფინანსურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ იღებენ. "წარმოუდგენელი სიკეთეები გველოდება ევროკავშირისგან და ზღვაში წვეთია, რასაც ახლა ვიღებთ, იმასთან შედარებით, რა იქნება შემდგომში", - თქვა ფერმერმა.
- რა ქნა საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. რუსული კანონის მიღებით, რომლის გამოც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, გაიყინა?
- მე კანონის შეფასებაში ვერ შევალ, არ წამიკითხავს, მაგრამ იმ რისკზე შემიძლია ვისაუბრო, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე არის დაკავშირებული და ასევე, რა ბენეფიტების მოტანა შეუძლია სოფლის მეურნეობისთვის და ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის ევროპასთან მეტ ინტეგრაციას. დღეს, რითაც მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასუბსიდირებს სოფლის მეურნეობას, არაფერია იმასთან შედარებით, რა ოდენობის დახმარებები წამოვა ევროკავშირიდან საქართველოს გაწევრების შემდგომ, თუმცა კანდიდატის წევრობის პერიოდშიც გაცილებით გაიზრდება დახმარებები... კოლოსალურ დახმარებას მივიღებთ; ძალიან ბევრი მეგობარი მყავს აღმოსავლეთ ევროპაში და ვიცი, რომ პოლონეთი, რუმინეთი და სხვა ქვეყნები მნიშვნელოვან დახმარებებს იღებენ ევროკავშირის ფონდებიდან იმ სექტორების დახმარებისთვის, სადაც ჩამორჩენაა და საჭიროებს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას... ამდენად, წარმოუდგენელი სიკეთეები გველოდება ევროკავშირისგან და და ზღვაში წვეთია, რასაც ახლა ვიღებთ, იმასთან შედარებით, რა იქნება შემდგომში.
- თუმცა თუ საგარეო პოლიტიკური კურსი არ გაასწორა ხელისუფლებამ და დემოკრატიულ გზას არ დაუბრუნდა, შესაძლოა, ამ სიკეთეების გარეშე დავრჩეთ...
- პოლიტიკურ და საგარეო კურსზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა ის, რომ შორს რომ წავიდეთ, მაგალითად, ბიზანტიის ეპოქაში, სადაც უშუალო საზღვარი გვქონდა დიდ ქვეყანასთან და მისი საშუალებით, ევროპის განუყოფელი ნაწილი ვიყავით, რაც კი კულტურული ძეგლი გვაქვს და მსოფლიო საგანძურები, სწორედ იმ ეპოქებშია შექმნილი... მისი წყვეტის შემდეგ კი, წამოვიდა მთელი რიგი უბედურებები და ჩვენი წინაპრები და თაობები იბრძოდნენ ამ გზების აღდგენისთვის. ჩემი აზრით, {ევროკავშირს} ალტერნატივა არ აქვს და გარდაუვალია. ასე რომ, ვფიქრობ, ეგ შიშები მალე გაქრება და იმედს გამოვთქვამ, ყველანი ერთიანი ევროპის ოჯახში აღმოვჩნდებით, იქ, სადაც დასაბამიდან ვიყავით და გარკვეული ისტორიის უკუღმართობის გამო, წყვეტა გვქონდა. ვფიქრობ, საქართველოსთვის ევროკავშირს ალტერნატივა არ აქვს.
- ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გვითხრა - „გული მწყდება იმის დანახვაზე, რომ საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“...
- იმედს გამოვთქვამ, მალე, ყველაფერი საქართველოსთვის სასიკეთოდ შეიცვლება და ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ახდება...
- დღესაც რომ იყოთ ხელისუფლებაში, რა კითხვებს დასვამდით, ლოგიკა გესმით რას აკეთებს საქართველოს მთავრობა?
- იცით, მე ამ კრიტიკაში ვერ შევალ და არც მივცემ თავს ამის უფლებას...
- როგორც მოქალაქეს, გადასახადის გადამხდელს კითხვები არ გაქვთ?
- კითხვები, როგორც მოქალაქეს შეიძლება მქონდეს, მაგრამ სწორედ იმიტომ არიან ხელისუფლებაში ადამიანები და იმიტომ იღებენ ბიუჯეტიდან ხელფასს, რომ რაც ევალებათ, უნდა შეასრულონ. ეს მათი პასუხისმგებლობაა. ჩემი პოზიციიდან ვერაფერს ვაიძულებ...