მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ რომ გვგონია, ისე მაგრად ვერ ვდგავართ ორ ფეხზე და ისეთ ფორმაშიც არ ვართ“ - ინტერვიუ

შურღაია

მენეჯერი, მრჩეველი და ბანკირი 30-წლიანი გამოცდილებით ნიკოლოზ შურღაია საქართველოში „რუსული კანონის“ მიღებას მხარს არ უჭერს. ის ამბობს, რომ როგორც მოქალაქე გულდაწყვეტილია, რადგან შარშანდელი პროტესტის მერე, რომლის შედეგადაც, მმართველმა ძალამ „აგენტების კანონი“ უკან გაიწვია, წელს „რუსული კანონის“ მიღება პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ დააბრუნეს. BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ნიკოლოზ შურღაიამ იმ რისკებზეც ისაუბრა, რომელიც ამ კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაში რეალიზდეს, რაც ყველას დააზარალებს და მათ შორის ბიზნესს.

- 1989 წლიდან, რეგულარულად დავდივარ აქციებზე...

- რა შეიცვალა?

- ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ჩვენ რომ გვგონია, ისე მაგრად ვერ ვდგავართ ორ ფეხზე და ისეთ ფორმაშიც არ ვართ. სამწუხაროა ისიც, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მეორედ გვიწევს პროტესტის გამოხატვა.

- როგორ ფორმაშია დღეს საქართველო?

- ბევრ წარმატებას მივაღწიეთ დამოუკიდებლობის შემდეგ. 90-იანი წლები ვინც გავიარეთ, ყველას გვახსოვს, რა გავიარეთ და არ მინდა, ამ შეგრძნებების ამოტივტივება. ეკონომიკური კუთხით თუ შევხედავთ, დამოუკიდებლობის განმავლობაში, ასე კარგად არასდროს ვყოფილვართ - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს; ჩვენი სპორტული გუნდები ბევრ წარმატებას აღწევენ... ბევრ რამეში პროგრესი გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაფერი მყიფეა და ძალიან დიდწილად დაფუძნებულია ევროკავშირთან ურთიერთობებზე - კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმზე. ეს ყველაფერი ქართველი ერის დიდი შრომის შედეგია. ჩვენ ყოჩაღი ერი ვართ, მაგრამ ნაკლი და სისუსტე გვაქვს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს - გამოწვევები განათლების სისტემაში, სასამართლო სისტემაც საკმაოდ სუსტია და ა.შ. როცა ინსტიტუტები ძალიან დასუსტებულია, ვფიქრობ, უფროსის ნებას ქვეშევრდომი ვერ შეეპასუხება, სახელმწიფო ინსტიტუტებს ძალიან გაუჭირდებათ შეეწინააღმდეგონ, როცა ზემოდან ამას ეუბნებიან... მიმაჩნია, რომ ცეცხლს ვეთამაშებით; რეალობისგან მოწყვეტა ძალიან სახიფათოა.

- რა დამატებითი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ეკონომიკას „რუსული კანონის“ მიღება?

- მინდა, 2008 წელი გავიხსენო - როგორი თავდაჯერებულები ვიყავით, მაგრამ კინაღამ გაგვიკოტრდა ორი ყველაზე დიდი ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის და IFC-ის 100-100-მილიონიანი სესხები რომ არ ყოფილიყო. ახლაც, ვხედავ ძალიან ბევრ რისკს ჩვენი საზოგადოებისთვის როგორც მოკლე, ისე გრძელ ვადაში. კლიმატის ცვლილებები რა პრობლემებს მოიტანს, ვინ დათვალა?! რაჭაში რა მოხდა შარშან ვნახეთ. ხელოვნური ინტელექტი რომ ვითარდება და ჩვენ ისედაც ჩამორჩენა გვაქვს განათლების სფეროში, ამაზე ვინ ფიქრობს?! რა თქმა უნდა, ვხედავ გეოპოლიტიკურ რისკებსაც. მე როგორც მოქალაქე, ვერ ვბრაზდები, მაგრამ გული მტკივა. ვცდილობ, მათი <ხელისუფლების> მხრიდანაც შევხედო საკითხს... გავიხსენო ფინეთის მაგალითი, რომელიც ათწლეულობით ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა რუსეთთან და ბევრი ამის გამო დასცინოდა, მაგრამ გაძვრნენ - ჯერ ევროკავშირში შევიდნენ, ახლა უკვე - ნატოშიც, მაგრამ ისინი მუშაობდნენ, რომ ქვეყანა შეკრულიყო, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობდნენ, ერის სულიერ გაძლიერებაზე ზრუნავდნენ...

- მმართველი ძალის ნაბიჯებში ლოგიკას ხედავთ?

- შეიძლება, საკუთარ თავთანაც ამას ამართლებენ იმით, რომ სხვა შემთხვევაში რუსეთი ამას გვიზამს... იმას გვიზამს და ა.შ. მაგრამ მეორე მხარეს სხვა მოტივაციასაც ვხედავ, რის განხილვაშიც არ მინდა შევიდე. ჩემი გარემოცვის დიდი ნაწილი ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეა, მაგრამ მყავს ისეთი მეგობრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ინტერესების ჭიდილია და ა.შ. მაინც ჩვენი დები და ძმები არიან. ძალა ერთობაშია - ეს ხომ ერის დევიზია... გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ, რომ ეს კანონი ისევ შემობრუნდა.

- „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ამ კანონპროექტის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაა და გვეკითხებიან, რა არის ცუდი გამჭვირვალობაშიო...

- არ მინდა, ადამიანებზე ვისაუბრო. არ ვიცნობ. არც მის მოღვაწეობას ვადევნებ თვალს, მაგრამ დიდი სიმპათია არ მაქვს. მე არ ვარ პოლიტიკოსი; არასამთავრობო სექტორშიც ახალი მოსული ვარ - სამწლიანი გამოცდილება მაქვს და ეს კანონი პირდაპირ ჯერ არ მეხება, მაგრამ ირიბად ყველას შეგვეხება და სწორედ ამაზე მსურს ვისაუბრო. ახლო მომავალში, სერიოზული ეკონომიკური კრიზისის განვითარების და ეკონომიკის ამჟავების საკმაოდ დიდ რისკს ვხედავ.

- რატომ? - დღეს მაკროეკონომიკური ფაქტორები ჯანსაღია...

- მაკროეკონომიკური რისკი: ბოლო წლებში საგარეო ფაქტორებმა და პრობლემებმა საქართველოს სასარგებლოდ იმოქმედა. ახლა ეს <რუსული> კანონი თუ მივიღეთ, მისი ეფექტი ძალიან ადვილად გადაეცემა საპარლამენტო არჩევნებს ანუ თუ არჩევნები გამჭვირვალედ ვერ ჩავატარეთ, ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ევროკავშირთან მიმართებით, რასაც მოჰყვება ინვესტიციების შემცირება,კაპიტალის გადინება; ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე და მაშინვე სხვანაირად იგრძნობენ თავს ბიზნესები - ყველას ვალი გაეზრდება, რადგან ბევრს სესხი დოლარში აქვს. მართვის რისკი: ჩემი დაკვირვებით, ყველა რგოლში არა, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუციები მთლიანობაში სუსტდება და ვხედავ ბევრად უფრო დაბალ უნარს, რომ კრიზისები და სირთულეები ვმართოთ, ვიდრე შეგვეძლო. მაგალითად, ეროვნული ბანკი - არ მინდა, პიროვნებებს შევეხო, მაგრამ ასეთი სუსტი ეროვნული ბანკის საბჭო მე არ მახსოვს.

- და თან არასრულია - 9-წევრიან საბჭოში მხოლოდ 5 წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე მუშაობენ...

- მხოლოდ საბჭოს სრულად შევსებაზე არაა საუბარი. გამოცდილება, განათლება, კომპეტენცია - ჯამურად უნარი, რომ დამოუკიდებლად მიიღონ ძნელი გადაწყვეტილებები. იმისთვის არიან, რომ იფიქრონ და დადგნენ იქ, სადაც სინდისი და გონება ჰკარნახობთ და მიჭირს, არ მაქვს ამის ნდობა. „ბუშტების“ რისკი, რომელიც ჩემი აზრით, მწიფდება. ძალიან შიშით ვუყურებ უძრავი ქონების სექტორს. ჯერ ერთი, ძალიან არ მომწონს როგორ ჩააბეტონეს ჩვენი დედაქალაქი. მშენებლობა ვის არ უხარია, მაგრამ მწვანე სივრცე სულ უფრო ცოტა გვრჩება და ბევრი უშნო შენობაა; ტურისტულ პოტენციალს ვკარგავთ... ამით ფულს შოულობენ კონკრეტული დეველოპერები - ახლა ააშენებენ, ძვირად გაყიდიან, მაგრამ ყველა დანარჩენი ვზიანდებით... საკითხის სხვა მხარეზე მინდა ყურადღება გავამახვილო უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება ძალიან იზრდება; რადგან გუშინ და გუშინწინ ვიღაცამ ამ სფეროში ფული იშოვა,გაჩნდა ძალიან ბევრი „მეც ვიშოვი“; ისინი არ არიან მშენებლობის მცდონეები, არ აქვთ გამოცდილება, მაგრამ მაღალი მარჟების იმედზე არიან. არ მინდა, ცუდი პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ მახსოვს ფასების ასეთი მაღალი ზრდა იყო 2008 წელს, შემდეგ იყო კრიზისი... ახლა თუ ჩვენი ეკონომიკა შეტორტმანდა, შეიძლება, ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყვეს და მშენებლობის სექტორში გამოწვევები აუცილებლად სხვა სექტორებს გადაეცემა. ამდენად, მაკროეკონომიკური, მართვის და ე.წ. „სამშენებლო ბუშტის“ რისკები თუ ერთად რეალიზდა, ძალიან ცუდ კრზისს მივიღებთ; ევროპასთან დაშორებით ამ რისკებს უფრო ვზრდით.

- და ვისაც არ უნდა ევროპასთან დაშორება, ის ალბათ დატოვებს საქართველოს...

- დიახ, ადამიანური კაპიტალის გადინება ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რასაც ძალიან მტკივნეულად ვხედავ. ხშირად გამართლებას უძებნიან ამ საკითხს, რომ ეს ადრეც ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, უფრო მეტი განათლებული თუ ნაკლებად განათლებული ადამიანი ტოვებს ქვეყანას. დემოგრაფიული პოტენციალი გადის, სოფლები დაცლილია და ეს კიდევ ერთი ბიძგი იქნება <კრიზისის>... არასამთავრობო სექტორს შევხედოთ - ეს არის განათლებული, საკმაოდ გამოცდილი ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელთაც ინგლისურიც კარგად იციან და სხვა უნარებიც აქვთ. ბევრი მათგანი ამ <რუსული> კანონის მიღების შემთხვევაში სასოწარკვეთილებაში ჩავარდება...

- არასამთავრობოები ამბობენ, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყს“ არ მიიკრავენ...

- ზოგი მიიკრავს ალბათ იძულებით, რომ მშიერი არ დარჩეს, ზოგს მოხუცი მშობელი ჰყავს სარჩენი, ზოგს შვილი ჰყავს გასაზრდელი და ზოგს კიდევ, უბრალოდ სამშობლო არ ეთმობა, მაგრამ ბევრი წავა და ჩემ გარშემო უკვე ბევრი ადამიანი წავიდა. დიახ, ნაწილი ბრუნდება, მეც ასე დავბრუნდი, მაგრამ მარტო ჩვენ ხომ არ ვართ?! ემიგრაციის ისტორია ასეთია - ვინც წავიდა, უმრავლესობა არ დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ჰუმანური კაპიტალის გადინებაც დაარტყამს დემოგრაფიას. ჩვენ ხომ პარადოქსული სიტუაცია გვაქვს - მაღალია უმუშევრობა - 15-16% და ამავე დროს, კადრების დიდი დეფიციტი გვაქვს. რატომ ვერ დასაქმდნენ? - ბევრი ბიზნესისგან მესმის, რომ არ უნდათ მუშაობა, მაგრამ ასეც არ არის - ზოგს განათლება არ აქვს შესაფერი და ამიტომ ვერ იპოვა სამსახური, ზოგს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ვერ პოულობს საკუთარ თავს, რაც ადამიანური ტრაგედიაა... ჩვენ ახლა <რუსული კანონის მიღებით> დიდ შანსს ვქმნით, რომ რამდენიმე ათასი განათლებული ადამიანი წავიდეს ქვეყნიდან; შემდეგ მათი ოჯახები წავიდნენ უსამართლობის შეგრძნებით გულგატეხილები. ირიბად ეს კანონი ყველას შეეხება.

- გვესმის, რომ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები მყიფეა, ბიზნესი ძალიან ფრთხილია ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას, მაგრამ დღეს, როდესაც მმართველი ძალა მეორედ ცდილობს „რუსული კანონის“ მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების თქმით, ეს საქართველოს ევროპასთან დააშორებს, უნდა ისმოდეს თუ არა ბიზნესის, განსაკუთრებით, მსხვილი ბიზნესის პოზიცია უფრო ხმამაღლა?

- „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ და გვქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, ის დროა, რომ ჩვენ არ გვაქვს თამაშების დიდი პოტენციალი და საბოლოო ჯამში, შეიძლება ოხრად დაგვრჩეს ქონება. რეალურად, თითოეულმა ადამიანმა უნდა შეაფასოს თავისი ღირებულებები, რას რისკავს, რას - არა. ხანდახან შეიძლება გაჩუმდე, რომ რაღაც არ მოხდეს, მაგრამ ხანდახან გაჩუმება და არმოქმდება შეცდომაა.

- ახლა რა დროა?

- ჩვენ გვაქვს რუსთაველის - „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“ და გვაქვს და ხალხური - „საცა არა სჯობს გაცლა სჯობს კარგისა მამაცისასა“. მე, პირადად, რუსთაველის აფორიზმს უფრო ვემხრობი, მაგრამ ხალხურ გამოთქმასაც აქვს არსებობის ადგილი. სიფრთხილეს თავისი სიბრძნე აქვს. მე არავის არაფერს მოვუწოდებ, მაგრამ ვფიქრობ, ის დროა, თითოეულმა ადამიანმა აწონ-დაწონოს... მე დიდი ბიზნესმენი არ ვარ, მაგრამ მეც ვრისკავ, აქ რომ ვარ. მე ვარ მრჩეველი, მენეჯერი, მაგრამ შეიძლება, ვიღაცას ეწყინოს აქ რომ ვარ და ასე ვსაუბრობ. ვიღაცებს სულ ეჭვები აქვთ, რომ პოლიტიკაში მინდა და ა.შ. არ მინდა პოლიტიკაში, ან რა მინდა - ფულს მე ვერ ვიშოვი, პირადი თავისუფლება და ცხოვრება უნდა დავკარგო, არც ეგოს მიმაგრებს პოლიტიკაში მოსვლა... ამდენად, პოლიტიკაში არაფერი მესაქმება და არანაირი განზრახვა მაქვს. ამდენად, ის დროა, დავფიქრდეთ, რას ვეთამაშებით და გაჩუმება და ხმის ამოღებას რა მოჰყვება.

- როგორ დავალაგოთ ეს ქვეყანა, რა გვჭირდება განვითარებისთვის?

- მარკ ტვენის სიტყვები წავიკითხე დღეს - ის ადამიანი, რომელმაც წერა-კითხვა იცის და არ კითხულობს, ვერ იყენებს თავის უპირატესობას წერა-კითხვის უცოდინართან შედარებით.

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- ტყუილს. შიშს და ამპარტავნობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები