მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბოლოო ჯამში, შეიძლება, ოხრად დაგვრჩეს ქონება" - ნიკოლოზ შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

„ხანდახან შეიძლება გაჩუმდე, მაგრამ ხანდახან არმოქმედება შეცდომაა“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მენეჯერმა, ბანკირმა 30-წლიანი გამოცდილებით, ნიკოლოზ შურღაიამ წამყვანის კითხვას - რამდენად საკმარისად ისმის ბიზნესის დამოკიდებულება „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. ნიკოლოზ შურღაიას აზრით, დროა, ყველა მოქალაქე დაფიქრდეს, რა შეიძლება მოჰყვეს მათ დუმილს.

- გვესმის, რომ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები მყიფეა, ბიზნესი ძალიან ფრთხილია ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას, მაგრამ დღეს, როდესაც მმართველი ძალა მეორედ ცდილობს „რუსული კანონის“ მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების თქმით, ეს საქართველოს ევროპასთან დააშორებს, უნდა ისმოდეს თუ არა ბიზნესის, განსაკუთრებით, მსხვილი ბიზნესის პოზიცია უფრო ხმამაღლა?

- „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ და გვქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, ის დროა, რომ ჩვენ არ გვაქვს თამაშების დიდი პოტენციალი და საბოლოო ჯამში, შეიძლება ოხრად დაგვრჩეს ქონება. რეალურად, თითოეულმა ადამიანმა უნდა შეაფასოს თავისი ღირებულებები, რას რისკავს, რას - არა. ხანდახან შეიძლება გაჩუმდე, რომ რაღაც არ მოხდეს, მაგრამ ხანდახან გაჩუმება და არმოქმდება შეცდომაა.

- ახლა რა დროა?

- ჩვენ გვაქვს რუსთაველის - „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“ და გვაქვს და ხალხური - „საცა არა სჯობს გაცლა სჯობს კარგისა მამაცისასა“. მე, პირადად, რუსთაველის აფორიზმს უფრო ვემხრობი, მაგრამ ხალხურ გამოთქმასაც აქვს არსებობის ადგილი. სიფრთხილეს თავისი სიბრძნე აქვს. მე არავის არაფერს მოვუწოდებ, მაგრამ ვფიქრობ, ის დროა, თითოეულმა ადამიანმა აწონ-დაწონოს... მე დიდი ბიზნესმენი არ ვარ, მაგრამ მეც ვრისკავ, აქ რომ ვარ. მე ვარ მრჩეველი, მენეჯერი, მაგრამ შეიძლება, ვიღაცას ეწყინოს აქ რომ ვარ და ასე ვსაუბრობ. ვიღაცებს სულ ეჭვები აქვთ, რომ პოლიტიკაში მინდა და ა.შ. არ მინდა პოლიტიკაში, ან რა მინდა - ფულს მე ვერ ვიშოვი, პირადი თავისუფლება და ცხოვრება უნდა დავკარგო, არც ეგოს მიმაგრებს პოლიტიკაში მოსვლა... ამდენად, პოლიტიკაში არაფერი მესაქმება და არანაირი განზრახვა მაქვს. ამდენად, ის დროა, დავფიქრდეთ, რას ვეთამაშებით და გაჩუმება და ხმის ამოღებას რა მოჰყვება.

- როგორ დავალაგოთ ეს ქვეყანა, რა გვჭირდება განვითარებისთვის?

- მარკ ტვენის სიტყვები წავიკითხე დღეს - ის ადამიანი, რომელმაც წერა-კითხვა იცის და არ კითხულობს, ის ვერ იყენებს თავის უპირატესობას წერა-კითხვის უცოდინართან შედარებით.

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- ტყუილს. შიშს და ამპარტავნობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები