მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური თანახმად, 2021 წელს საქართველოში 4%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, რაც როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე (4.3%-ზე) ნაკლებია.
განსხვავებულია მსოფლიო ბანკის მოლოდინი 2020 წლის რეცესიასთან მიმართებითაც, რომელსაც მინუს 6%-ზე პროგნოზირებს, IMF-ი კი 2020 წელს საქართველოში 5.1%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს.
მსოფლიო ბანკი სავარაუდოდ საქსტატის უახლეს ანგარიშს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში რეცესია მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მაღალი იყო და კლება 5.9%-ს შეადგენდა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშს არ ახლავს განმარტება იმის შესახებ თუ რატომ მიიჩნევენ, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა იმაზე ნელი ტემპით გაიზრდება, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებს.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს - მათ შორის 2021 წელს ყველაზე მაღალი ზრდა თურქეთში არის მოსალოდნელი, ამასთან მსოფლიო ბანკის პროგნოზით, თურქეთი რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 2020 წელს რეცესიის ნაცვლად ეკონომიკური ზრდა იქნება.
სომხეთი - 2020 წელს 8%-იანი რეცესია; 2021 წელს 3.1%-იანი ზრდა;
აზერბაიჯანი - 2020 წელს 5%-იანი რეცესია; 2021 წელს 1.9%-იანი ზრდა;
რუსეთი - 2020 წელს 4%-იანი რეცესია; 2021 წელს 2.6%-იანი ზრდა;
თურქეთი - 2020 წელს 0.5%-იანი ზრდა; 2021 წელს 4.5%-იანი ზრდა;
უკრაინა - 2020 წელს 5.5%-იანი რეცესია; 2021 წელს 3%-იანი ზრდა.




























