საქართველომ დღეს დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.
ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა.
ბანკის ინფორმაციითვე, ადამიანური კაპიტალის პროგრამა გააძლიერებს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებს და კომპეტენციას, რათა მათ უკეთ დაძლიონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემები. სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.
პროგრამა ასევე გააფართოებს ჯანდაცვის გაუმჯობესებულ სერვისებთან წვდომას ტელემედიცინის კონსულტაციების ხელშეწყობით და ფარმაცევტული მართვის გაძლიერებით მედიკამენტების ფასების შესამცირებლად, რაც საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილ ხარჯებში მნიშვნელოვან წილს შეადგენს. სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად კი ადამიანური კაპიტალის პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სწრაფ იდენტიფიცირებას და მათ საჭიროებებზე რეაგირებას დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებით ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოფლად.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ პროგრამა საზოგადოებრივი ცხოვრების ფართო სფეროს დაფარავს და მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყება იქნება ჩართული.
“მიხარია, რომ საქართველოში ვიწყებთ ადამიანური კაპიტალის პროგრამას. ეს პროგრამა სამი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: პირველი, გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ადგილზე წაკითხულის გააზრების ნაწილში ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ასევე გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯიბიდან დანახარჯები ფარმაცევტულ საშუალებებში. თქვენ ასევე ნახეთ რომ სოციალური დაცვის სისტემა როგორი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში. ამიტომ განვიზრახეთ რომ დავიწყოთ კომპლექსური პროგრამა, რომელიც გააუმჯობესებს ჯანდაცვისა და განათლების შედეგებს. პროგრამა ასევე ფოკუსირებულია სოციალურ სისტემაზე, რათა რეალური გავლენა გვქონდეს ხალხის, ოჯახების ცხოვრებაზე საქართველოში”,-განაცხადა მოლინეუსმა.




























