მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს 4.8%-ით შემცირდება

5edf4e230aa4e
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.20 13:47
1140
მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების განახლებული შეფასების მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით შემცირდება, ხოლო მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემცირება 3.1% იქნება. 

"ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის -3.1 პროცენტამდე დაიკლებს, რადგან რეგიონი COVID-19-ის პანდემიის გამო ზრდის შემაკავებელი პროცესების და შესაბამისად, დაბალი სასაქონლო ფასებით გამოწვეული სირთულეების წინაშე დგას.

თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 3 პროცენტს მიაღწევს 2021 წელს, რადგან COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შოკების გავლენა შესუსტდება და ტურიზმის აღდგენა დაიწყება სომხეთსა და საქართველოში, მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდის პარალელურად. ეკონომიკური საქმიანობა აზერბაიჯანში 2021 წელს განმტკიცდება ნავთობზე ფასების სტაბილიზაციასთან ერთად.

ტურისტების მთლიანი რაოდენობა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში დაეცა, აღნიშნულის გავლენა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართვლო, სადაც ტურიზმზე მშპ-ის მნიშვნელოვანი წილი მოდის.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მშპ-ის რეალური შემცირება 2020 წელს სავარაუდოდ -4,8 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0 პროცენტს მიაღწევს.

ანგარიში ასევე მიუთითებს საქართველოს მიერ დაანონსებულ ფისკალურ ღონისძიებებს, რაც მშპ-ის 3 პროცენტის ეკვივალენტური იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მოიცავს დამატებით ხარჯებს ჯანდაცვაზე, ტურიზმის სფეროს მხარდაჭერას, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებასა და ზრდას, მორატორიუმს დაბალი შემოსავლის მქონე პირთა გადასახადებზე, ღარიბი მოსახლეობისთვის კომერციული ხარჯების სუბსიდირებას და უმუშევრობის შემწეობას,"- ნათქვამია მსოფლიო ბანკის განახლებულ შეფასებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა წელს 4% იქნება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით კი საქართველოში 2020 წელს რეცესია 5.1% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები