მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლითაც რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით რუსეთის ეკონომიკა 1.3%-ის ნაცვლად 2.9%-ით გაიზრდება.
მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი მართალია მათ მიერ 2024 წლის იანვარში პროგნოზირებულზე მაღალია, თუმცა ის უფრო ნაკლებია ვიდრე 2023 წელს არსებული ზრდა, რაც 3.6%-ს შეადგენდა.
2023 წელთან შედარებით რუსეთში პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის შემცირებას მსოფლიო ბანკი გამკაცრებულ მაკროპრუდენციულ ზომებს, ასევე რუსეთში სუბსიდირებული იპოთეკების პროგრამის მოცულობის შემცირებას უკავშირებს. მსოფლიო ბანკის თანახმად, სამხედრო მრეწველობა 2024 წელსაც რუსეთის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იქნება. ასევე ანგარიშში საუბარია რუსეთის მზარდ სავაჭრო კავშირებზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ხაზგასმულია რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ჩინურ იუანში წარმოებს.
2025 და 2026 წლებისთვის მსოფლიო ბანკი რუსეთში 1.4% და 1.1%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
რაც შეეხება უკრაინას, მსოფლიო ბანკის პროგნოზი უცვლელია და კვლავ 3.2%-ს შეადგენს. შედარებისთვის, ეს 2023 წელს არსებულ 5.3%-იან ზრდაზე 2.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. თუმცა რუსეთისგან განსხვავებით მსოფლიო ბანკი მოელის, რომ 2025 და 2026 წლებში უკრაინაში ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდება და ზრდა 6.5% და 5.1% იქნება. აღნიშნულის წინაპირობად ქვეყნის რეკონსტრუქციის მიმართულებით ინვესტიციების მატება სახელდება. მსოფლიო ბანკი ასევე მოელის, რომ უკრაინა საექსპორტო ნაკადების აღდგენას და გაფართოებას შეძლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დამატებით შეუწყობს ხელს.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, უკრაინის რეკონსტრუქციის ხარჯები 486 მილიარდ დოლარზე არის პროგნოზირებული, რაც მთლიანად 2023 წლის ნომინალურ მშპ-ზე 2.8-ჯერ მეტია. ანგარიშის თანახმად, ქვეყნიდან 6.4 მილიონი ადამიანის გადინებამ, ადამიანურმა მსხვერპლმა, ქონების სამუშაო ადგილებისა და აქტივების დანაკარგებმა უკრაინაში შეაბრუნეს მთელი ის პროგრესი რასაც ქვეყანამ ბოლო 15 წელში სიღარიბის შემცირების მიმართულებით მიაღწია.